სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ წიგნი-ალბომი „კოსტა“ გამოიცა

2024 წელს დიდი ოსი პოეტის, ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებლის, ეთნოგრაფის, მხატვრის, დრამატურგისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის 165 წლის იუბილე აღინიშნა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურის  პოპულარიზაციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ  მომზადდა და გამოიცა წიგნი-ალბომი „კოსტა“.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა ხაზი გაუსვა ალბომის გამოცემის მნიშვნელობას. მან აღნიშნა კოსტა ხეთაგურივის შემოქმედება და ღვაწლი ოსი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში.

„ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ კოსტა ხეთაგუროვის დაბადების დღეს, ბოლო წლებში 15 ოქტომბერს ღონისძიებები სოფელ არეშფერანში ტარდება, სადაც ქართველებთან ერთად ოსებიც  ცხოვრობენ. კოსტა ხეთაგუროვის ღვაწლზე ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ მე აღვნიშნავ, რომ მისი სახელი, მისი საქმე ყოვლად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოსი ხალხისთვის, არამედ ორი ერის ერთიანობისთვის. კოსტა იყო ოს და ქართველ ხალხებს შორის ძმობისა და მეგობრობის განმტკიცების იდეის მქადაგებელი. მას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ვლადიკავკაზში მცხოვრებ ან დროებით იქ ჩასულ ქართველებთან. ის დიდად აფასებდა ქართულ კულტურას, ქართველ მწერლებს – ილიას, აკაკის, ყაზბეგს და სხვას. გული შესტკიოდა  ქართული ეკლესიების ძარცვასა და ქვეყნიდან ეროვნული განძის  გატანაზე, რომელიც იმ წლებში რუსეთის ექზარქოსების მიერ ხორციელდებოდა. ეს წიგნი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია“,- განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

წიგნი-ალბომი „კოსტა“ პირობითად სამ ნაწილადაა დაყოფილი:

  • ბიოგრაფიული ცნობები და შემოქმედების წლები;
  • პოეტის პირადი ცხოვრება;
  • მისი ურთიერთობები ქართულ ინტელიგენციასთან.

სამმართველოს უფროსის და ალბომის შემდგენელის მადინა ტეხოვას თქმით, წიგნში მოყვანილია ნაწყვეტები ლექსებიდან, სადაც ჩანს კოსტა ხეთაგუროვის ქვეყნისადმი სიყვარული. პოეტი გაჭირვებული ხალხის ტკივილზე საუბრობს, ეხება რელიგიის საკითხებს და, რა თქმა უნდა, კოსტას პოეტურ სამყაროში განსაკუთრებულ აკორდად სასიყვარულო ლირიკა ჟღერს.

 „მას თბილი  ურთიერთობა ჰქონდა დიმიტრი არაყიშვილთან, ლუარსაბ ბოცვაძესთან, მიხეილ ყიფიანთან… აღელვებითა და თანაგრძნობით აღსავსეა მისი წერილი გაზეთ „სევერნი კავკაზში“ ალექსანდრე ყაზბეგის ავადმყოფობის შესახებ. გამოცემაში, ასევე, შევიდა ქართველი ინტელიგენციის  მოგონებები კოსტაზე“, – ამბობს მადინა ტეხოვა.

წიგნი-ალბომი „კოსტა“ 200 ექზემპლიარად გამოიცა, სადაც გამოყენებულ იქნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს ეროვნული არქივის, ხელოვნების სასახლის და ქ. ვლადიკავკაზის კოსტა ხეთაგუროვის სახლ-მუზეუმის საარქივო მასალა.

Comments (0)
Add Comment