სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ და საერთაშორისო დიასპორულ საგანმანათლებლო აკადემია „საზღვრებსმიღმა“-მ მემორანდუმი გააფორმეს

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო დიასპორულ საგანმანათლებლო აკადემიასთან „საზღვრებსმიღმა“.

ხელმოწერა ჩატარდა 2024 წლის 16 ნოემბერს, თბილისის საკრებულოში, სადაც გაიმართა პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული საგანმანათლებლო აკადემიის – „საზღვრებსმიღმა“ – წარდგინება.

აკადემია დააფუძნა „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტმა, ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე ქართველმა ბიზნესლედიმ და კულტურის მოღვაწემ, თინათინ სვანიძე-ვენკომ.

ინიციატივის მხარდამჭერი და აკადემიის პარტნიორი კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაციაა.

„აკადემია – „საზღვრებსმიღმა“ – უნიკალური პროექტია, რომელიც გააერთიანებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ოჯახების შვილებს, ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან (აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან), ისტორიული ჰერეთიდან, ფერეიდნიდან და ასევე მოიცავს თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებსაც.

აკადემია ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა თუ გამოფენებში აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობაში, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და მის გაზიარებაში, ქართველ ემიგრანტთა შორის ქართული იდენტობის პოპულარიზაციასა და მათ ინტეგრაციას საერთაშორისო აქტივობებში“, – წერია ინფორმაციაში.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვებით დამსწრე საზოგადოებას მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ცხინვალის რეგიონის საერო და სასულიერო წარმომადგენლობასთან ერთად დაგეგმილმა საქმიანობამ. პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული საგანმანათლებლო აკადემიისა და ნიქოზის „წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის“ თანამშრომლობით და უშუალოდ ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მეუფე ისაიას უშუალო ჩართულობით, შესაძლებელი გახდება ერთობლივი კულტურული, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.

ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციასა და ერედვის მუნიციპალიტეტთან მემორანდუმის გაფორმება და შემდგომი თანამშრომლობა კი შექმნის რეალურ პირობებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის ძირძველ ფესვებთან დასაბრუნებლად.

გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას,რომ სამშობლოს დაცილებულმა მოსახლეობამ შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობის განცდა. ამ მხრივ ფასდაუდებელია საქართველოსა თუ მის საზღვრებს გარეთ სასწავლო ცენტრებსა თუ საკვირაო სკოლებში ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, სწავლება, კონკურსებისა და გამოფენების ორგანიზება. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში მცხოვრები სტუდენტი-ახალგაზრდობის გაწევრიანება ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსათვის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებად, ასევე მათი ჩართვა გაცვლით პროგრამებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ქართული საერთაშორისო დიასპორული საგანმანათლებლო აკადემია „საზღვრებსმიღმა“ ავრცელებს.

Comments (0)
Add Comment