სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მთავრობის წევრებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
თამაზ ბესტაევი შინდისში გმირულად დაღუპული 17 მეომრის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრო.
„16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ბიჭებმა სამშობლოს ყველაზე ძვირფასი, თავისი სიცოცხლე შესწირეს. შინდისის გმირების თავგანწირვა, შემართება, მათი ქართველობა იქნება მაგალითი მრავალი თაობისათვის, თუ რაოდენ დიდია სამშობლოსადმი სიყვარული. მათი გმირობა ისტორიაში მარადიულად ჩაიწერა.
კიდევ ერთხელ ვუცხადებ თანაგრძნობას ჩვენი გმირების ოჯახებს და ვადასტურებ მათი და მათი შვილებისადმი პატივისცემას. ჩვენს სახელმწიფოს კი მშვიდობას და წინსვლას ვუსურვებ!“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.
2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია დგას. მონუმენტი, რომელიც მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის მიერ არის შექმნილი, ბრინჯაოში ჩამოსხმული 17 ქანდაკებისგან შედგება.
16 წლის წინ, მსუბუქად შეიარაღებული 22 ქართველი ჯარისკაცი აგვისტოს ომის დროს რუსული ჯარის ბატალიონთან არათანაბარ ბრძოლაში მოჰყვა. ქართველი მეომრები სოფელ შინდისთან მხოლოდ ავტომატებით ჩაებნენ ბრძოლაში, რასაც მხოლოდ 5 ქართველი ჯარისკაცი გადაურჩა. ოცეული ორმხრივ სროლაში რუს სამხედროებს წინააღმდეგობას საათზე მეტხანს უწევდა.ქართველი მეომრების გმირული ბრძოლის გამო რუსეთის ჯარის კაპიტანმა გენერალიტეტიდან დახმარება მაშინ ორჯერ ითხოვა.
ამავე შეტაკების ნაწილია ნათლიისაა და ნათლულის ისტორია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოეს.