2023 წლის 20 ნოემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაეროსა და ეუთოდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფორმატის ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებლობას, რათა შესაძლებელი გახდეს პროგრესის მიღწევა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
ასევე, აქცენტი გაკეთდა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები, გახშირებული უკანონო და დესტრუქციული ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც ამძიმებს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით არსებულ ვითარებას.
ყურადღება გამახვილდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობაზე, რაც რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგების მკაფიო დემონსტრირებაა და ადასტურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესრულების აუცილებლობას.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, მათ შორის ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების გახშირებულ პრაქტიკას და აღინიშნა ყველა უკანონოდ დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის გამართვა 2023 წლის 5-6 დეკემბერს იგეგმება.