სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია შეუერთდა დედაქალაქის ყოველწლიურ ღონისძიებას – „თბილისობის“ დღესასწაულს. დღესასწაული გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე ოსური სახლის ეზოში აღინიშნა.
ღია ცის ქვეშ მოეწყო ოსი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.
დღესასწაულის სტუმრებს ადგილზე ოსური სახლის ყოფა – კერა, ოჯახის უფროსის სკამი, მაგიდა, სადაც სუფრა იშლებოდა, ლუდის ტრადიციული თასი – უაცამონგა, გმირობისა და ვაჟკაცობის სიმბოლო დახვდათ. ასევე, უძველესი სათავსო, ოსური აკვანი – ავდანი, იმდროინდელი საყოფაცხოვრებო ჭურჭელი და საუკუნის წინ ნაქსოვი ხალიჩა.
ოსურ სახლში სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ უძველესი ხის კასრი, სადაც ჩვეულებრივ ინახებოდა მარცვლეული ან ფქვილი და ასევე უძველესი სპილენძის ქვაბი, სადაც ლუდს ადუღებდნენ.
ოსური ოჯახის ყოფას გაეცნენ მაღალი დონის სტუმრები – საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, თსუ-ის ქართულ-ოსური კვლევითი ცენტრის დირექტორი – ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ნაირა ბეპიევი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და სხვა პატივცემული სტუმრები, რომლებსაც პირადად დახვდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი თამაზ ბესტაევი.
სტუმრებს ოსური მისასალმებელი ხალხური სიმღერითა და ტრადიციული ლუდის თასითა და სამი ოსური ხაჭაპურით დახვდნენ.
სტუმრების წინაშე წარდგნენ ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლ ,,ნართების“ მოცეკვავეები და ვოკალისტები. გაჟღერდა ოსური და ქართული სიმღერები, ასევე შესრულდა ოსური ცეკვა „ხონგა“.
სტუმრების ნაწილმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა – ბატონმა როინ მეტრეველმა და ქალბატონმა ნაირა ბეპიევამ.
„თბილისობა“ ოსურ სახლში ინტერაქტიული იყო – თითოეულ დამსწრე მამაკაცს შეეძლო წვლილი შეეტანა ადგილზე მოსამზადებელი ოსური ლუდის ხარშვის პროცესში – მათ ქვაბში ალაოს მოურიეს. აღსანიშნავია, რომ ოსური ლუდის ხარშვა დიდ პატივად ითვლებოდა და ამ პროცესს მხოლოდ გამორჩეულ და პატივცემულ ადამიანებს ანდობდნენ.
დღესასწაულის სტუმრებისთვის განსაკუთრებით ემოციური ცეკვა ,,სიმდის“ საერთო შესრულება აღმოჩნდა. ამით სიმბოლურად ხაზი გაესვა დღესასწაულის მთავარ იდეას – საქართველოს ერთიანობას.
ოსური სახლის ეზოში, „თბილისობის“ დასასრულს, სტუმრებს ელოდებოდა სუფრა ტრადიციული ოსური კერძებით, რომლებიც ასევე ადგილზე დამზადდა: სამი ხაჭაპური, ჯიგკა და ოსური ლუდი.
აღსანიშნავია, რომ „თბილისობა“ ოსურ სახლში პირველად აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზატორია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახური და ადმინისტრაციის განათლების სამსახური.