სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული „არჩევნები“ შეუძლებელია იყოს რელევანტური, მაშინ, როდესაც საქართველოს ეს ტერიტორია არის ოკუპირებული.
უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ცხინვალის რეგიონში ნებისმიერი „არჩევნები“ ბათილად ითვლება, რადგან რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იძულებით გადაადგილებულია, მოწყვეტილია საკუთარ მიწას. რაც, ავტომატურად ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ საქართველოს მოქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავრი უფლება – მიიღონ მონაწილეობა ლეგიტიმურ არჩევნებში და მისცენ ხმა სასურველ კანდიდატს. თავის მხრივ, ასეთი არჩენვნების ჩატარება შეუძლებელია ოკუპაციის პირობებში.
მეორეც, მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ „გაიმარჯვებს“ ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებში“, რადგან ნებისმიერი „გამარჯვებული“ კრემლიდან ნაკარნახევ „დამოუკიდებლობის” თამაშს გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ცხინვალის რეგიონის რეალური განვითარება შესაძლებელია არა მოსკოვის კარნახით, რომლის ინტერესებშიც ამ რეგიონის განვითარება არ შედის, არამედ მხოლოდ ოფიციალური თბილისის დახმარებით.
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია ხაზგასმით აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში არჩევნებს იურიდიული ძალა მხოლოდ დეოკუპაციის პირობებში, ოფიციალური თბილისის იურისდიქციის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების შემთხვევაში ექნება.