ქართული ენის დღე დიდი ზეიმით აღინიშნა კავკასიის უნივერსიტეტში. ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა 14 აპრილის – ქართული ენის დღის დიდ მნიშვნელობას.
ღონისძიებას დაესწრო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ნუნუ მიცკევიჩი, ასევე – საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვ.
„ქართული ენა არ არის მხოლოდ ქართველების ენა – ეს არის ენა ყველა იმ ადამიანისა, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, ესაა ჩვენი სახელმწიფოს ენა, ჩვენ გვიყვარს ქართული ენა, ვიცავთ მას და ვუფრთხილდებით“, – ეს სიტყვები ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნაირა ბეპიევამ წარმოთქვა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებაზე საპატიო ჯილდო „ქართული ენის ქომაგი“ გადაეცა დიდ ქართველოლოგს ბერნარ უტიეს.
ქართული ენის დღეს მიეძღვნა 12 აპრილს სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდა, სადაც გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილის ის მოვლენები, რომელმაც მაშინდელი სამეცნიერო წრეები, სტუდენტები და მთლიანად საზოგადოება ერთი სულისკვეთებით გააერთიანა.
ღონისძიება გახსნა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა იმას, თუ რაოდენ დიდი ძალისხმევა და შემართება დასჭირდა ბრძოლას იმისათვის, რომ ქართულ ენას შეენარჩუნებინა სახელმწიფო ენის სტატუსი საბჭოთა კავშირის პირობებში.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვები.
თსუ პროფესორი ქ-ნი ნაირა ბეპიევა წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით – „გიორგი ახვლედიანი – ოსური ენის მკვლევარი“: „გიორგი ახვლედიანი იყო ქართული ენათმეცნიერების საფუძვლისჩამყრელი, მან, ამასთანავე, დიდი დრო და ენერგია შეალია ოსური ენის ფონეტიკის, დიალექტოლოგიისა და ტექსტოლოგიის პრობლემების შესწავლას. გიორგი ახვლედიანმა პირველმა შეადგინა ოსური ენის საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამა და წლების განმავლობაში კითხულობდა ოსური ენის კურსს ქართულ უნივერსიტეტში. ფასდაუდებელია მისი ნაშრომები და გამოკვლევები ოსური ენის ისტორიისათვის. მისი რედაქტორობით გამოიცა „ოსური ენის გრამატიკის ორტომეული“, რომელიც დღესაც სასწავლო სახელმძღვანელოა უმღლეს სასწავლებლებში“, – განაცხადა პროფესორმა ნაირა ბეპიევამ.
ცნობილია როგორი დიდი მეგობრობა აკავშირებდათ ოს და ქართველ მეცნიერებს: აკაკი შანიძეს, გიორგი ახვლედიანს, ვასილ აბაევს. ისინი დიდ პატივს სცემდნენ და უფრთხილდებოდნენ ერთმანეთის ენებს, – აღნიშნა პროფესორმა რამაზ ქურდაძემ.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი და პროფესორი ნინო პოპიაშვილი.