სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში პოეტ შოთა დარბუაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა

„სამყაროს ფერად ზეგანზე
ცა, ზღვა, ხმელეთი სულ იყო…
მე ჩემს სამშობლოს ვეძებდი –
ვერ ვნახე, დაკარგულიყო…
უფლისციხესთან წითელი ყაყაჩო ამოსულიყო,
იქვე პოეტის ანდერძი ფოთლებში მიმალულიყო.
უკვე სხვის ბაღში ბევრი ხე ამოსულიყო,
მავთულხლართებთან ვტიროდი,
სადა ხე, ჩემო სულიკო?..“,
– ეს პოეტის, შოთა დარბუაშვილის, ერთ-ერთი ლექსია, რომელიც მან თავის საიუბილეო საღამოზე გააჟღერა, როგორც მისი და ცხინვალელების პირადი, მოურჩენელი და ღრმა გულისტკივილი.


ცხინვალი, ცხინვალელები და შოთა დარბუაშვილი – ერთი დიდი და მჭიდრო ჯაჭვის გაგრძელებაა… იმ სიყვარულის, იმ სითბოსი და ღრმა ფიქრისა, რომელიც აერთიანებს განსაკუთრებით მათ, ვის გულშიც ცხინვალი შესისხლხორცებულია ბავშვობიდანვე ან უფრო გვიანი ასაკიდან – იქ გატარებული წლების, შეხვედრების, მნიშვნელოვანი
მოვლენების გამო.


30 მაისს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში საიუბილეო საღამოზე პოეტის, მომღერლისა და საზოგადო მოღვაწის შოთა დარბუაშვილის მიერ განვლილი ცხოვრება და ღვაწლი გაიხსენეს.

რომელ ცხინვალელს – და არა მხოლოდ – არ ახსოვს ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი “ბონვარნონის“ წარმატება? საღამოზე ნაჩვენები იქნა „ცხინვალელი ოთხეულის“ კლიპი – თბილი მოგონება იმ გზის, რომელიც შოთა დარბუაშვილმა მეგობრებთან ერთად 1971 წლიდან გაიარა: როკ-ჯგუფიდან, რომლის წევრები „ძია კოლიას“ ავტოფარეხში იკრიბებოდნენ და იმ დროს აკრძალული „ბითლზებისა“ და „ლედ ზეპელინის“ სიმღერებს სწავლობდნენ, – ოცნების ასრულებამდე, როცა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ბონვარნონის“ უამრავი წარმატებული კონცერტი მთელ საბჭოთა კავშირში მხოლოდ ოვაციებით ტარდებოდა.

მერე იყო გზა როკიდან ფოლკლორამდე – მან მოღვაწეობა ფოლკლორულ ანსამბლში “ლიახვი“ გააგრძელა.

ბატონი შოთა დარბუაშვილის მოღვაწეობა ძალზე დასაფასებელია, როგორც ადამიანის, პოეტის, ვოკალისტის. აქედან მოდის მისი მეგობრების, ახლობლების, საზოგადოების მისდამი სიყვარული და დაფასება. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო მას 70 წლის იუბილე და ვუსურვო კეთილდღეობა და შემოქმედებითი წარმატებები“, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა.

ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ გულწრფელად გამოხატა შოთა დარბუაშვილის მიმართ სიყვარული – ბევრი თბილი სიტყვა ითქვა, თვალს ცრემლმაც კი გაჰკრა და ბევრი გულიდან წამოსული აპლოდისმენტი ისმოდა.


საიუბილეო საღამოს დაესწრნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, პოეტი მზია ხეთაგური, პოეტი ციცინო ბაბუციძე, მწერალი რობერტ ოდიკაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნაირა ბეპიევი, ცხინვალის საზოგადოების წარმომადგენლები, თიღვის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი.


ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის „ნართები“ ვაჟთა ვოკალური ჯგუფი, ხოლო შოთა დარბუაშვილის ლექსები „ცხინვალის მაჩაბლის თეატრის“ მსახიობებმა წაიკითხეს.


შეგახსენებთ, 2022 წლის მაისში შოთა დარბუაშვილის შემოქმედებითი საღამო ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ჩატარდა, სადაც მისი ლექსების კრებული, “შენდამი რწმენით”, პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მისი ცხინვალისადმი სიყვარული, სითბო და მონატრებაა ჩაქსოვილი.


პოეტის ეს ნოსტალგიური კრებული მისი მოგონებები მშობლიურ ცხინვალში გატარებულ წლებზე, ბავშვობაში დარჩენილ მეგობრებზე, ომზე და სიყვარულზე, მარტოობის სევდაზე და საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების იმედზე სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.


“ღამით ქალაქი ტკივილებს მალავს, ჭერქვეშ სუნთქვაა გამალებული,
ქალაქს ატყვია დიდი იარა, ღამეში დადის უცხო მეგზური”,
– ეს
სტროფები ლექსიდან „ცხინვალი 1989” ამონარიდია.

შოთა დარბუაშვილს მტკიცედ სჯერა – ცხივალი დაბრუნდება და ცხინვალში დავბრუნდებით, რათა ავაშენოთ ჩატეხილი ხიდები და უფრო დავამშვენოთ საქართველოს ეს ულამაზესი რეგიონი:


„ცხინვალში ჩვენ უნდა დავბრუნდეთ პიროვნებებად, ძლიერები, იმიტომ
რომ, რაც ძლიერია ადამიანი, მით უფრო ის მშვენდება და მას
ყოველთვის საქმე გამოსდის“.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია