ოსურ და აფხაზურენოვან აბიტურიენტებს უნარების გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ

 აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარების გარეშე გააგრძელონ. აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა მათ წელსვე შეუძლიათ.

ამ და სხვა უამრავი სიახლის შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და რომელიც განათლების სფეროშიც არაერთ შეთავაზებას გულისხმობს, აღნიშნულზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება „1+4 პროგრამის“ მეშვეობით აქამდეც შეეძლოთ. რაც იმას გულისხმობდა, რომ აფახაზურ და ოსურ ენაზე ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარების შემდგომ ისინი ჯერ ქართულ ენაში მოსამზადებელ ერთწლიან კურსს გადიოდნენ, ხოლო შემდგომ სწავლას, უგამოცდოდ, 4–წლიან ბაკალავრიატზე აგრძელებდნენ. საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილების შედეგად  კი, ამიერიდან უნარების ტესტის ნაცვლად, მათ აფხაზური/ ოსური ენის გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ. 

„სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ აბიტურიენტებს უჭირთ უნარების  გამოცდის ჩაბარება აფხაზურ და ოსურ ენაზე ენის კომპეტენციისა და ასევე იმის გამო, რომ აფხაზურად და ოსურად არ ისწავლება ის საგნები, რომლებიც  შემდგომ უნარების ტესტის შესადგენად გამოიყენება. ანუ, ტერმინოლოგიის გაგება უჭირთ. ამიტომ ჩვენ დღევანდელი საკანონდებლო ცვლილებებით უნარების ტესტს აფხაზური და ოსური ენის ტესტით ვანაცვლებთ. შესაბამისად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მხოლოდ ერთი გამოცდით – აფხაზურ და ოსურ ენაში გამოცდით ექნებათ შესაძლებლობა  რომ ისარგებლონ „1+4 პროგრამით“ და ოთხწლიან საფეხურზე სწავლა უგამოცდოდ გააგრძელონ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღნიშნული სიახლე არაა ერთადერთი.  დღეს წარმოდგენილი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ასახავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას და მიდგომას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაზრდისა და გამარტივების, განათლების ყველა საფეხურისადმი ხელმისაწვდომობის, ხარისხიან განათლებაზე წვდომის მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე  საზღვარგარეთ.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობისა და ნეიტრალური დოკუმენტების არ მქონე პირებსაც შეეძლებათ სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში პირადი ნომრის საფუძველზე ჩართვა. გამარტივდება განათლების სისტემაში ცალკეულ სახელმწიფო სერვისებზე წვდომა, კერძოდ: სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ელექტრონული რეგისტრაცია და კერძო სკოლამდელ დაწესებულებებში ჩარიცხვა; საჯარო სკოლებში ელექტრონული რეგისტრაცია და კერძო სკოლებში ჩარიცხვა; ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ელექტრონული რეგისტრაცია და საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვა;  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ელექტრონული რეგისტრაცია და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში  ჩარიცხვა; საგანმანათლებლო/სამეცნიერო-კვლევითი გრანტის მიღება და ა.შ

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ მომავლი წლიდან კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობა იქმნება, რომელიც  ნებისმიერ პირს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან, უმაღლეს სასწავლებელშისწავლის გაგრძელების შესაძლებლობას სთავაზობს.

„ეს გახლავთ სკოლის შემდგომი განათლების მომზადების ცენტრი, რომელიც ნებისმიერ პირს მიიღებს. ესაა ფაქტობრივად მე-12 კლასის ერთგვარი ჩამანაცვლებელი პროგრამა, სადაც შეისწავლება არჩევითი საგნები, მოხდება კონკრეტულ საგნებში სტუდენტების მომზადება სწავლის გასაგრძელებლად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. მისი დასრულების შემდგომ, ცენტრის ტესტირების საფუძველზე, ისინი ასევე უგამოცდოდ მოხვდებიან ან უმაღლეს სასწავლებელში (ქულების დაგროვების შემთხვევაში), ან გადამისამართდებიან პროფესიულ სასწავლებლებში. ანუ,  ფაქტობრივად ყველა ჯგუფისა და პირისათვის იქმნება სივრცე, რომ სწავლა განაგრძონ.

„ეს ცენტრი ასევე დაეხმარება მათ  საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში, რაც ჩვენი ახალი ინიციატივებით ასევე მონიშნულია,როგორც მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. მათ შორის განათლების აღიარების გამარტივებით, ადგილზე უცხო ენების თანამედროვე კურსების დანერგვით, საერთაშორისიო განათლების პროგრამების შესახებ ინფორმაციის თავმოყრითა და მიწოდებით და რა თქმა უნდა დაფინანსება, რომელსაც დღესაც ახორციელებს განათლების საერთაშორისო ცენტრი და განაცხადებისათვის ღიაა“, – დასძენს სახელმწიფო მინისტრი.

ცენტრი სტუდენტებს უზრუნველყოფს თარჯიმნითა (საჭიროების შემთხვევაში) და  საცხოვრებლით. გათვალისწინებულია სტუდენტური კამპუსების მშენებლობა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსადა ახალციხეში.

აგრეთვე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მკვლევარებს და მეცნიერებს  შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კვლევით და სამეცნიერო საგრანტო კონკურსში, მოიპოვონ სათანადო დაფინანსება და გააგრძელონ კვლევითი თუ სამეცნიერო საქმიანობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. მათ შორის ეროვნულ (მაგ. სსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი) და საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამებში (მაგ. ფულბრაიტის პროგრამა, “ჰორიზონტი 2020” ).

 

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია