ანსამბლმა „ნართები“ ლევილის ისტორიულ მამულში ქართულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო

ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა „ნართები“ ლევილის ისტორიულ მამულში ქართულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებულმა ანსამბლმა ორი დღის განმავლობაში მაყურებლის წინაშე ოსურ-ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების პროგრამა წარადგინა. შესრულდა “ხონგა”, “ქართული”, “სიმდი” და სხვა ცეკვები, ასევე ანსამბლის ვაჟთა ვოკალურმა ჯგუფმა და მუსიკოსებმა ოსური და ქართული სიმღერები გააჟღერეს – “დოდოი” (კინოფილმიდან “ფატიმა”), “მრავალჟამიერ”, “ჩემო კარგო ქვეყანა” და სხვა.

ქართული ფესტივალი ლევილის მამულში – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.

შეგახსენებთ, ფესტივალი, რომელიც ქართულ ხელოვნებას, კულტურასა და სპორტს ეძღვნება, ლევილის მამულში მეორედ ტარდება.

ქართული ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები 24 მაისიდან 14 ივლისამდე, ყოველ შაბათ-კვირას, გაიმართება. მათზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.

 

 

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია