სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი “ოსური წიგნის ბიბლიოგრაფიის” პრეზენტაციას დაესწრო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით 11 ივნისს, ნაირა ბეპიევის წიგნის, „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფიის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე თამაზ ბესტაევი სიტყვით გამოვიდა და ხაზი გაუსვა ქართველებისა და ოსების საუკუნოვან ურთიერთობების მნიშვნელობას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ქართულ-ოსური ურთიერთობების კვლევითი ცენტრის დირექტორს, პროფესორ ნაირა ბეპიევს მიულოცა მისი მორიგი ნამუშევრის წარდგენა ფართო საზოგადოების წინაშე და აღნიშნა მისი ღვაწლი ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენისა და განვითარების საქმეში.

„ოსური წიგნის ბიბლიოგრაფია“ პირველად ქვეყნდება. მასში აღწერილია არა მხოლოდ წიგნები, არამედ პერიოდიკა, საარქივო მასალები, სტატიები, სხვადასხვა ავტორთა შრომები. ამასთანავე, წიგნი მოიცავს როგორც მხოლოდ ოსურად დაწერილ მასალებს, ისე ორენოვან წიგნებსა და ნაშრომებს, აგრეთვე ქართულ და უცხოურ ენებზე დაწერილ ტექსტებს. წიგნში ოსი ხალხის ისტორიის, კულტურის, განათლების, ლიტერატურის, ენისა და სხვადასხვა სახის მასალებთან ერთად, შეტანილია ზოგიერთი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალაც. წიგნში მასალები დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.


სიახლეა, რომ წიგნს ერთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აღწერილობის ხელნაწერი ოსური წიგნების ფოტობარათები. ამ წიგნში გამოქვეყნებული ფოტო-კატალოგი ბევრი მკითხველისათვის საინტერესო საკვლევი მასალა იქნება.


სიახლეა ისიც, რომ დღემდე მიუწვდომელი იყო 1990 წლის შემდეგ ცხინვალსა და სხვა ქალაქებში გამოცემული ოსი ავტორების წიგნები. ცხინვალელი კოლეგების დახმარებით წიგნში ეს მასალაც არის გათვალისწინებული.


წიგნი კარგი გზამკვლევი იქნება იმ მეცნიერ-მკვლევართათვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფიაში“ წარმოდგენილი ნაშრომებით.


წიგნი გამოიცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია