სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში თემო ოთინაშვილის წიგნის „არ დამითმიხარ!“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
ავტორის მიერ წაკითხული ლექსების მოსასმენად ცხინვალის რეგიონის იმ საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც დღემდე ვერ ბრუნდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე საკუთარ სახლებში.
თემო ოთინაშვილი ცხინვალში დაიბადა და ცხოვრობდა სოფელ ქემერტში, სწორედ ამიტომ მისი ლექსების ყოველი სიტყვა თუ ფიქრი ასე ახლო და კარგად ნაცნობია მსმენელისთვის.
ლექსების წერა 2020 წლიდან დაიწყო. ამბობს, მანამდე პოეზიამ გაიტაცა, შემდეგ სცადა და გამოუვიდა – ისე, რომ დღეს ლექსებით მის გულისნადებს ჰყვება.
მის პოეზიას წიგნებში „მუზების ქარავანი“, „შენით ვიწყები“, ტომეულებში „რომ არ მიყვარდე“ შეხვდებით.
სტროფებში ჩაქსოვილია მთავარი გრძნობა – სიყვარული – ქალისა და სამშობლოსადმი, რომელიც თავისი მრავალფეროვანი გამოხატვით სიმფონიას გვაგონებს. ეს გრძნობა წრფელი, დიადი, აღტაცებით სავსეა…
„ნეტავ, მე მომიძღვნას ასეთი ლექსი ვინმემ, ნეტავ, მე ვუყვარდე ასე ვინმეს, გაუმართლა ქალბატონს, ვისაც ეს სიტყვები ეძღვნება“, – თქვა ერთ-ერთმა გამომსვლელმა, რომელმაც ამ საღამოს პოეტის ლექსები გააჟღერა ცხინვალის საზოგადოების წინაშე.
გამართულ საღამოზე ლექსები ცხინვალის თეატრის მსახიობმა თინათინ კობალაძემ, სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მსახიობმა ჯაბა ჯანაშიამ, პოეტმა ციცინო ბაბუციძემ, წიგნის რედაქტორმა თამარ არაბულმა და გამომცემელმა დავით ქუთათიამ წაიკითხეს.
წიგნის გამოცემა ავტორს მომღერალმა თინათინ ჭულუხაძემაც მიულოცა – სიმღერით.
ძლიერი სიყვარული, მტკიცე რწმენა, რომ ნათელი ბოროტებაზე იმარჯვებს, თემო ოთინაშვილის საქართველოსადმი მიძღვნილ პატრიოტულ ლექსებში იგრძნობა.
იგი იცავდა ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვარს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაკარგა მხედველობა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გახდა იძულებით გადაადგილებული პირი. ამიტომაა, რომ წლების წინ მიღებული ჭრილობა, დღემდე შეუხორცებელი რჩება. მის პატრიოტულ პოეზიას ლაიტმოტივად საბოლოო გამარჯვების რწმენა გასდევს – „ბევრჯერ დაჭრილსა მტრისაგან კვლავ დროშა აუწევია“.
სამშობლო – მისი საფიცარია:
„ჩემი სული შენ გეკუთვნის,
გულის ფეთქვაც შენია…“, – წერს პოეტი.
კითხვაზე, თუ რას უსურვებს საქართველოს, თემო ოთინაშვილი პასუხობს: „არ დანებებას! გამთლიანებას! სიმშვიდეს!“.
დარწმუნებულია, რომ ეს გამთლიანება მხოლოდ სიყვარულის გზით მოიპოვება, რადგან ეს ის ძალაა, რომელსაც ყველაზე დიდი მუხტი მოაქვს ყოველი ადამიანისთვის, ერთობას ჰქმნის და რწმენას მატებს.
„არ დამითმიხარ!“
იმედს არ ვკარგავთ მხარეო,
შენ სიამაყევ ქართლისა,
ლიახვი გულზე გადაგდის
შენ, მოზიარე დარდისა.
გულსაც გიგრილებს დაჭრილსა,
თვითონაც გულში დაჭრილი,
არ გაძლევთ მტერი შვებასა,
თავს გადგათ როგორც აჩრდილი.
სამშობლოს ბედი ასეა,
ღმერთს ცაში დაუწერია,
ბევრჯერ დაჭრილსა მტრისაგან
კვლავ დროშა აუწევია.
ღონისძიება ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.