მოგესალმებით, მინდა, რამდენიმე სიტყვით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს. 17 ივნისს, ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი, ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს, ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ის რეკომენდაციები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, ისედაც იყო ხელისუფლების დღის წესრიგში ჩაწერილი, თუმცა არის სხვა საკითხებიც, რასთან დაკავშირებითაც მუშაობა გაგრძელდება ბრიუსელთან და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.„ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას. მეორე, რაც ასევე ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში ჩაწერა და მიმართა საბჭოს არის შემდეგი – საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და ანუ პირობები შესრულდება. ახლა როგორც კი დაამტკიცებს საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციებს, ჩვენ,რა თქმა უნდა, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან. მინდა, განვმარტო მოქალაქეებისთვის, რომ ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული, არის სხვა საკითხები, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ბრიუსელთან გავარკვევთ, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. მინდა აქვე, ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, ვინაიდან ვიცი, რომ მოქალაქეების უმეტესობას გარკვეული კითხვები დარჩა, თუ რატომ აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, უფრო მეტად წახალისებული მოლდოვა და უკრაინა და მინდა, ავუხსნა ჩვენს მოქალაქეებს შემდეგი; მოლდოვას და უკრაინას, აქვს აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით, ანუ მათაც ჩაუწერეს, რომ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით ევროკომისია, რომ მათ მიენიჭოთ სტატუსი, პერსპექტივა და ასევე სტატუსი. ანუ, რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვასთვის, რომელიც არის ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამავდროულად მათაც სთხოვენ, მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას. ჩვენს შემთხვევაში არის პირიქით, ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც არის დადებული, ეს რეფორმები განვახორციელოთ, პრიორიტეტები განვახორციელოთ და,რა თქმა უნდა, საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი,“- განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას.„ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა უმძიმეს ვითარებაშია. ტერიტორიების 20% უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. ასევე, მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით, ერთ-ერთი პირველი არის მოლდოვა, ვინაიდან, მოსაზღვრე სახელმწიფოა და ძალიან ბევრი ნაკადი იყო დევნილების, ლტოლვილების და უამრავი, როგორც ეკონომიკური, ასევე, უსაფრთხოების რისკები გაეზარდა მნიშვნელოვნად მოლდოვას. გახსოვთ, წინა კვირას მე საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ და მეც ღიად ვთქვი, რომ უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ იგი არის ომში. თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში და ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის. მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს ეს წარმატება. მინდა მათ ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება.ასევე, მინდა ვუთხრა ჩვენს ძვირფას ხალხს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას და მე რამდენიმეს შევახსენებ ჩვენს ხალხს – ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას. დიდი მადლობა, ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას და ქვეყნის გაერთიანებას,“- განაცხადა პრემიერმა.
წყარო: https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=573&info_id=82450