შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გაერთიანებულ დახურულ სხდომაზე მოუსმინეს.
„დღევანდელ შეხვედრაზე, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ვიმსჯელეთ სახელმწიფოს ჩართულობის და შერიგების დეპოლიტიზირებული, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის შემდგომი განხორციელების გზებსა და მექანიზმებზე, მათი დახვეწისა და გაუმჯობესების ხედვებზე. მოგეხსენებათ, ამჟამად, მიმდინარეობს ამ პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი. ჩვენ ვიმყოფებით დასკვნით ეტაპზე. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი იყო საპარლამენტო ფორმატში ყველა აქტუალურ მიმართულებაზე მსჯელობა. სტრატეგიული გადახედვის პროცესი მიზნად ისახავს, სწორედ არსებული რეალობის და საჭიროებების შესაბამისად, ახლებური მიდგომების შემუშავებას, რომელიც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენს პოლიტიკას და მივაღწევთ არსებით პროგრესს გამყოფი ხაზით დაშორებული საზოგადოების შერიგების მიმართულებით. ამასთანავე, დღევანდელ სხდომაზე, ჩვენ განვიხილეთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უკავშირდება 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას და მათი ოჯახების თანადგომას. ეს მსჯელობა წარიმართა სწორედ ამ პროგრამის შემდგომი მდგრადობის უზრუნველყოფისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
წყარო: https://smr.gov.ge/ge/news/read/2218/tea-axvledians-saqartvelos-parlamentshi-mousmines