საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ჟენევის თანათავმჯდომარეები ცხინვალში სავარაუდოდ დღეს ჩადიან. დავით ზალკალიანმა აღნიშნულ საკითხზე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დავით ზალკალიანის თქმით, ჟენევის თანათავმჯდომარეები არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ინფორმირებულნი არიან.
„ჩვენი მხრიდან ყველა მხარე ინფორმირებულია, მათ შორის ჟენევის თანათავმჯდომარეები, რომლებიც თბილისში იმყოფებოდნენ.
გუშინ მათთან საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა შედგა და სწორედ არჩილ ტატუნაშვილზე იყო საუბარი.
ყველა დაინტერესებული მხარე ჩართულია და ჩვენ ველოდებით, შესაბამისი გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად იყოს მიღებული. ჟენევის თანათავმჯდომარეები ცხინვალში სავარაუდოდ დღეს ჩადიან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ დღეს ან ხვალ დაუბრუნებენ.