შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარება. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მათი ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ დარღვევებს, რაც გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით და სხვა უკანონო ქმედებებით.სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.
აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა უმაღლეს კომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, ნდობის აღდგენის, ჩართულობის და დიალოგის გზით, რაც ახლებულ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა. თეა ახვლედიანმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ, დეტალურად მიმოიხილა სამოქალაქო ინტეგრაციის ის უნიკალური მექანიზმები და ინსტრუმენტები, რომლებიც არაერთი წელია წარმატებით ფუნქციონირებს. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა ფარგლებშიც მომდევნო წლების განმავლობაში კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებები განხორციელდება. კერძოდ, ხაზი გაესვა სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებისა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
“კაირატ აბდრახმანოვი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის რანგში საქართველოში პირველად იმყოფება. მისი ვიზიტის მიზანია, ადგილზე გაეცნოს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, ასევე განვითარებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. უმაღლესი კომისრის ოფისთან, ჩვენ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რაც ერთი მხრივ გულისხმობს და უკავშირდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განმტკიცებას და მხარდაჭერას, მეორე მხრივ, როგორც ცნობილია, ეუთოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. შესაბამისად, შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი 9 მოქალაქის ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხის მნიშვნელობა, ასევე ეთნიკური ნიშნით ადგილზე მიმდინარე დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები, რომლებთანაც ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულ რეჟიმში უწევს გამკლავება. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე, ჯერ კიდევ არსებულ ნაკლოვანებებზე, გამოწვევებზე და ასევე იმ უნიკალურ მექანიზმებსა და ინსტრუმენტებზე, რომლებიც დანერგილია ამ პოლიტიკის ფარგლებში და წარმატებით ფუნქციონირებს. უმაღლეს კომისართან ვიმსჯელეთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ ინიციატივებზე, გზებზე, რომლებსაც განვახორციელებთ სამუშაო პროცესში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.