სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრაზე, საქართველოს სამი მოქალაქის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი დადგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„11-თვიანი პაუზის შემდეგ დღეს შედგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების 96-ე შეხვედრა. მოგეხსენებათ, რა ფონზე გვიწევს ამ შეხვედრის ჩატარება, როცა ჩვენი სამი თანამოქალაქე იმყოფება უკანონო პატიმრობაში. შეხვედრაზე დადგება საკითხი ამ პირების უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რათა ისინი დროულად დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, დაეთმობა გასული შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რაც აზიანებს უსაფრთოების გარემოს და ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების კუთხით ხელოვნური შეზღუდვები წესდება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის აქ უსაფრთხოების საკითხისადმი მიძღვნილი ბლოკი. საკითხები არის მოცულობითი, რადგან წინა შეხვედრიდან დიდი დრო არის გასული და შესაბამისად, ყველა საკითხი იქნება განხილული“ , – განაცხადა ანთაძემ.