24 ნოემბერს ოსურ-ქართული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს პარლამენტში გაიმართა. მას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრები და ოსური ინტელიგენციის წარმომადგენლები. მისასალმებელ სიტყვაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი გზა მოვძებნოთ ერთმანეთთან მისასვლელად და დასაახლოებლად. ჩვენთვის სიახლოვე არის არა მარტო პოლიტიკური მიზანი, არამედ ჩვენი ხალხების ბუნებრივი სურვილი და ჩვენი, პოლიტიკოსების ამოცანაა, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში“. კობახიძემ განაცხადა, რომ არ არსებობს სხვა რომელიმე ერი, რომელთანაც ქართველებს უფრო მეტი სიახლოვე აკავშირებთ, ვიდრე ოსებთან. „ჩვენთვის ოსი ხალხი და მისი კულტურა არის ძალიან ახლობელი. არ არსებობს სხვა რომელიმე ერი, რომელთან ჩვენ უფრო მეტი სიახლოვე გვაკავშირებს, ვიდრე ოსებთან. „იციან, რომ დიალოგის შემთხვევაში, ჩვენი ხალხები ძალიან ადვილად იპოვნიან ერთმანეთის გულებთან მისასვლელ გზებს და ძალიან მარტივად შეძლებენ დაახლოებას ერთმანეთთან. თუმცა, ჩვენ ყველაფერი უნდა ვეცადოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დიალოგი შედგეს, გაღრმავდეს და ასეთ შემთხვევაში, ჩვენი საერთო მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული“,- მიმართა ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრებ ქართველებს და ოსებს საერთო მიზანი უნდა აერთიანებდეს და ეს მიზანი – წარმატებული და დემოკრატიული საქართველოა. „ჩვენ – საქართველოში მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს ერთი სახელმწიფო, ერთი მთავრობა და ერთი საერთო მიზანი უნდა გვაერთიანებდეს; და ეს მიზანი უნდა იყოს წარმატებული და დემოკრატიული საქართველო. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი გზა მოვძებნოთ ერთმანეთთან მისასვლელად და დასაახლოებლად. ჩვენთვის სიახლოვე არის არა მარტო პოლიტიკური მიზანი, არამედ ჩვენი ხალხების ბუნებრივი სურვილი და ჩვენი, პოლიტიკოსების ამოცანაა, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ საღამოს ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება ქართველი და ოსი ხალხის დაახლოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დღევანდელი საღამო არის ტოლერანტობის კვირეულის ერთგვარი გამოძახილი, რომელიც აღინიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. „ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ ერთმანეთს, თუ რაოდენ მრავალფეროვანია ჩვენი სამშობლო და , შესაბამისად, რაოდენ მდიდარია ეთნიკური და კულტურული პალიტრით და რა არის ჩვენი ყოველდღიური პრინციპი. ეს პრინციპია ამ მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა ოსი ერის საგანძური – ცეკვები და სიმღერები ანსამბლ „ნართების“ შესრულებით (სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ანსამბლი). გაიმართა ასევე, ცხინვალის თეატრის წარმოდგენა. ორგანიზატორი – საქართველოს პარლამენტი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი