ფრენბურთის მოედანი წეროვანში

ახალი სპორტული სივრცე. წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებაში გაიხსნა  ფრენბურთის მოედანი. იდეიდან მის   განხორციელებამდე ერთი თვე გავიდა. ყველაფერი ექვსი წეროვნელი ბავშვის ინიციატივით დაიწყო, რომლებმაც თხოვნით მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაცია “უკეთესი მომავლისათვის” და მიიღეს გრანტი 1500 ევროს ოდენობით. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა: ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა თხოვნით მიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასა და ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებმაც მათ დახმარება გაუწიეს პროექტის რეალიზებაში. მოეწყო ასევე სამაგიდო ტენისით სათამაშო ზონა.

20 აგვისტოს წეროვანში შედგა ობიექტის გახსნა, სადაც პრიზები გათამაშდა. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ ტურნირი თასებით, მედლებით და ბურთებით მოამარაგა.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, სპორტის სამმართველოს უფროსმა სერგო გაბელაიამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია ყოველთვის ახალგაზრდების გვერდით დგას: ”ჩვენ ყოველთვის  მხარდაჭერას გამოვუცხადებთ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდების  განვითარებას შეუწყობს ხელს და მოხარულები ვართ, რომ ახალ მოედანზე ახალი ტურნირები გაიმართება – ახლა უკვე ფრენბურთში”.

ფრენბურთის მოედნისთვის ახალგორის  რაიონულმა ადმინისტრაციამ  300 კვადრატული მეტრი მიწის ფართი გამოყო.  გამგებლის მოადგილემ გელა შერმადინმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციაში ახალგაზრდების პროექტმა მოწონება დაიმსახურა, ის დაწვრილებით განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ ახალი სპორტული მოედანი აშენდებოდა: ”ბავშვებმა ტერიტორია დაასუფთავეს და თავად მოახდინეს საკუთარი პროექტის რეალიზება, რის გამოც მე მათ მადლობას ვუხდი. როგორც იცით, წეროვანში 2000 ოჯახი ცხოვრობს და ძალიან ბევრი ახალგაზრდა. ახალი ფრენბურთის მოედანი არის კიდევ ერთი ადგილი, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ გამართონ სხვადასხვა სპორტული ღონისძიება და სასარგებლოდ გაატარონ თავისუფალი დრო.  

მარიამ პეტრიაშვილი გახლავთ იმ  ექვსი ახალგაზრდიდან ერთ-ერთი, რომლებმაც ფრენბურთის მოედნის კეთილმოწყობა გადაწყვიტეს. მან ახალი თაობისთვის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა: ”ახალგაზრდები ფრენბურთის თამაშს შეძლებენ, დაისვენებენ სკვერში,რომლის მოწყობასაც  ვგეგმავთ. სურვილის შემთხვევაში კი სამაგიდო ჩოგბურთის თამაშიც შეეძლებათ. მთლიანობაში, ჩვენი სურვილი იყო, რომ ახალგაზრდებს სასარგებლოდ გაეტარებინათ თავისუფალი დრო, სპორტული ცხოვრებით, ჯანსაღი წესით რომ იცხოვროს წეროვნის ახალგაზრდობამ. ამ შესაძლებობისთვის მადლობას ვუხდით არასამთავრობო ორგანიზაცია “ უკეთესი მომავლისათვის”. მადლობა მათ, ვინც საჭირო კომუნიკაციების გაყვანაში დაგვეხმარა. და მადლობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას გამოხმაურებისა და პროექტის მხარდაჭერისთვის”.

არასამთავრობო ორგანიზაცია “უკეთესი მომავლისათვის”  შეიქმნა 2009 წელს და მუშაობს ახალგაზრდებისა და ქალთა პროფესიული განვითარების, ასევე არაფორმალური განათლების საკითხებზე. 2017 წლიდან კი ორგანიზაციის საქმიანობის არეალმა მცხეთა-მთიანეთის მთელი რეგიონი მოიცვა. ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი ეკატერინე ზარიძემ აღნიშნა, რომ წეროვანის პროექტი არის ერთ-ერთი იმ პროექტებისაგან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის განხორციელდა. ასევე სოფელში, რომელიც მდებარეობს საოკუპაციო ხაზთან ახლოს: ”ხუთ ლოკაციაზე – სოფელ ოძისში, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში შავშვებში, ხურვალეთში, წეროვანსა და ფრეზეთში ჩვენ მოვძებნეთ ახალგაზრდები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს გაეუმჯობესათ საცხოვრებელი ადგილი. ჩვენ ჩავატარეთ ტრენინგი, რის შემდეგაც მათ გამოკვეთეს პრობლემები, თავად მოგვაწოდეს იდეა, დაამუშავეს, დაწერეს პროექტი და წარუდგინეს დონორებს. ეს პროექტი გახლავთ ჯანსაღი ცხოვრებისკენ მიმართული იდეა. მათ მოიპოვეს ჩვენი ორგანიზაციისგან გრანტი –  1500 ევრო. მაგრამ საჭირო გახდა დამატებითი თანხები და  ბავშვებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას მიმართეს, ასევე სხვადასხვა  ბიზნეს-კომპანიებს. მათი დახმარება მნიშვნელოვანი და დროული აღმოჩნდა”.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანი გამოდგა წეროვანში მცხოვრები ახალგაზრდობისთვის. ლუკა მღებრიშვილი სპორტითაა დაკავებული. ახალი სპორტული სივრცე მას ძალიან დაეხმარება ჯანსაღი წესით იცხოვროს და საინტერესოდ გაატაროს თავისუფალი დრო: „ძალიან ვარ მოხარული, რომ ბავშვებს ეს გამოუვიდათ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებში არა სპორტულ დარბაზში, რაც პანდემიის პირობებში აკრძალული იქნა, არამედ ღია ცის ქვეშ. მადლობა ყველას, ვინც განახორციელა ეს პროექტი!“

შეგახსენებთ, წეროვანში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, სპორტული დარბაზი, სადაც სხვადასხვა სპორტული ღონისძიება ტარდება. დღესდღეობით, წეროვანის მაცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება უკვე ღია ცის ქვეშ.   

Comments (0)
Add Comment