სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებულმა ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა “ნართები” მონაწილეობა ბათუმში გამართულ გალა-კონცერტში “აფხაზეთისთვის” მიიღო.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.
“ნართებმა” დამსწრე საზოგადოების წინაშე ოსური ცეკვა “ხონგა” წარუდგინეს.
“ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ის არის, რომ ჩვენ ყველანი ერთად წარმოვადგენთ ერთიან საქართველოს”, – განაცხადა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
მაყურებლის წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სხვა შემსრულებლები წარდგნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და აჭარაში მცხოვრები აფხაზები ესწრებოდნენ.
კონცერტი აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა, რომელიც 23 მაისს „აფხაზეთის დღეს“ დაიწყო და სექტემბერში გამყოფ ხაზთან დასრულდება.