სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საფუძველი ჩაეყარა მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის ტაძრის მშენებლობას.
ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და შერიგებისა, სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე დაესწრნენ.
ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, აფხაზეთსა და შიდა ქართლში 1990-იან წლებში განვითარებულ საომარ მოქმედებებში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების მოსახსენებლად შენდება და წარმოადგენს მთელ მსოფლიოში ანალოგის არმქონე ერთადერთ საკულტო ნაგებობას.ტაძარში აღევლინება ლოცვები დაპირისპირებაში მონაწილე ყველა მხარის წარმომადგენლის სულის მოსახსენებლად, შერიგებისა და საყოველთაო მშვიდობის დასამყარებლად.
ტაძრის მშენებლობა ფონდ „კანანელის“ და აფხაზეთის ომის ვეტერანთა ინიციატივით ხორციელდება. რუსლან აბაშიძემ და ღონისძიების სტუმრებმა წმინდა ადგილებიდან მოტანილ ქვებზე წარწერები გააკეთეს, რომელიც ტაძრის საძირკველში განთავსდა.