2021 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საკითხებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა წარმოადგენდა.
მოლაპარაკებისას საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ ბოლო დროს გააქტიურებული ნაბიჯები, მათ შორის, ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის“ იმპლემენტაცია, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების დადება, სოფელ აიბღას ნაწილის უკანონო მიერთებისა და რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთის ცალმხრივი დელიმიტაცია-დემარკაციის მცდელობა. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და სახელმწიფო დუმის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა ნათლად მიუთითებს ანექსიის მიმდინარე პროცესზე.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა: ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო სამხედრო წვრთნები და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევები, აგრეთვე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჯარისკაცების მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა. საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა. დისკუსიებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის პროცესს, რაც ადგილზე ვითარების ესკალაციის საშიშროებას ქმნის.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებით ისევე, როგორც ბოლო 13 წლის განმავლობაში მიმდინარე პროვოკაციებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით, მოსკოვი მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაბრკოლებას. ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ მოსკოვის დესტრუქციული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, რაც საერთაშორისო სასამართლომაც დაადასტურა. მან ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლებრივად დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტი და მოსკოვის პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებათა დარღვევებში.
საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება და კვლავაც დასვეს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.
ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, რასაც კიდევ უფრო ართულებს ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და სხვადასხვა დისკრიმინაციული ზომები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. თანათავმჯდომარეებმა, საქართველოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა, ხაზი გაუსვეს ირაკლი ბებუასა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებისა და საკითხის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე გადაჭრის აუცილებლობას.
მოლაპარაკებების ფარგლებში დაისვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლისა და მანდატის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერირების აუცილებლობა.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ბოლო 3 წლის განმავლობაში შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით, აღდგენის აუცილებლობას.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი ჩაკეტვისა და ახალგორის მოსახლეობის იზოლაციის მძიმე შედეგებზე, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს საკუთარი სახლების დატოვებას აიძულებს და რაიონის დაცარიელებას იწვევს. თანათავმჯდომარეებმა და საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს ენგურის ხიდზე მიმოსვლის განახლება და ხაზი გაუსვეს ორივე ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების უპირობო გახსნის აუცილებლობას.
დეტალურად იქნა განხილული ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული ვითარება და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები, მათ შორის, უცხოელებად დარეგისტრირების იძულება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალის რაიონისა და კოდორის ხეობის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საჭიროებას.
მოლაპარაკებისას საუბარი შეეხო კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევებს, საოკუპაციო ხაზზე სამედიცინო ევაკუაციის გამართულად ფუნქციონირებასა და ჯანდაცვის მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას.
ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და დასვეს მათი მიზანმიმართული დაზიანებისა და განადგურების საკითხი.
საქართველოს დელაგაციამ აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გააქტიურების მნიშვნელობა, კერძოდ, ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის უზრუნველსაყოფად ქალთა ჩართულობის გაზრდისა და გენდერული პერსპექტივის მეტად გათვალისწინების საჭიროება.
ვრცლად იქნა განხილული მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხები – ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება და პირნათლად ასრულებს კიდეც ამ პირობას მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს ქართული მხარის წინააღდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას. ამ ფონზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობას. ლაშა დარსალიას თქმით, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გარანტიაა.
რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან სცადეს თემის პოლიტიზირება და დატოვეს მოლაპარაკებები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინა დღეს გაიმართა ორმხრივი კონსულტაციები თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან, ამასთან გაგრძელდა წინა რაუნდზე ჩატარებული საინფორმაციო სესიის თემის განხილვა „უსაფრთხოების საკითხების ყოვლისმომცველი / ადამიანური განზომილების“ მიმართულებით. საინფორმაციო სესიის ფარგლებში, წარიმართა დისკუსია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების, საჭიროებებისა და უფლებების საკითხებზე.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
წყარო: https://mfa.gov.ge/News/sagareo-saqmeta-saministros-ganckhadeba-jenev-(11).aspx?CatID=5