შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა სემინარის “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ლია გიგაურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების აუცილებლობას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, ასევე კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნის მნიშვნელობას, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული სიკეთეებისა და სერვისების გაზიარების თვალსაზრისით.

სტუდენტებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა. მან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ახალგაზრდების ჩართულობისა და მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს ასევე, საშუალება ჰქონდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორ თორნიკე ფარულავასგან მიეღოთ ინფორმაცია ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკასა და თანამშრომლობის მექანიზმებზე.

“ღია საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ მონაწილეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, მნიშვნელობა და პერსპექტივები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებს.

წყარო: https://smr.gov.ge/ge/news/read/2204/sherigebisa-da-samoqalaqo-tanasworobis-sakitxebshi-saxelmwifo-ministris-mrchevelma-lia-gigaurma-seminaris-saqartvelos-evropuli-da-evroatlantikuri-integraciis-procesis-mnishvneloba-da-perspeqtivebi-monawileebs-misasalmebeli-sityvit-mimarta

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია