საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

2021 წლის 15 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან- ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მოლაპარაკებების მომდევნო, 55-ე  რაუნდის დღის წესრიგის საკითხები და რუსეთის უკანონო ქმედებები, რომლებიც იწვევს  ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებას. 

ქართულმა დელეგაციამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო, მათ შორის რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ  „პროგრამის” განხორციელების თვალსაზრისით მიმდინარე სამუშაოებზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმებთან ბოლო პერიოდში დადებულ ე.წ. შეთანხმებებზე, რომელთა მიზანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის სხვადასხვა სისტემაში ინტეგრაცია. 

განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით მიმდინარე მილიტარიზაცია და უკანონო სამხედრო წვრთნები, ასევე საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრების მიზნით, განხორციელებული სამუშაოები, რაც ქმნის ვითარების ესკალაციის რისკს და ამავდროულად წარმოშობს მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს მოქალაქეთა გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევებს და  დასვა საკითხი ცხინვალსა და სოხუმში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთსა და გალში IPRM-ების შეხვედრების შეუფერხებლად და ეფექტიანად ფუნქციონირების აუცილებლობას.

მწვავედ დაისვა ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხები. ასევე, აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვის შედეგად გამოწვეულ უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებზე ახალგორის რაიონში.  
საქართველოს დელეგაციამ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე კვლავ გაუსვა ხაზი  დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროებას და აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს.

შეხვედრაზე აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობა და პროგრესის მიღწევის საჭიროება დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე,  როგორიცაა  რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა, ძალის არგამოყენება და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, აგრეთვე იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. მხარეებმა იმსჯელეს ამ მიზნით მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენებისთვის შესაძლო გზების გამონახვაზე.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი 2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართება.

წყარო: https://mfa.gov.ge/News/sagareo-saqmeta-saministroshi-jenevis-saertash-(6).aspx?CatID=5

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია