ოსური ენის დღე შავშვებში(Video)

ლექსები ოსურ ენაზე, ცეკვები და სიმღერები. ასე აღნიშნეს ოსური ენის დღე შავშვების სკოლაში მოსწავლეებმა, რომლებიც სწავლობენ ოსურ ენას წითელუბნის,  ნიგოზასა და შავშვების სკოლებში. ბავშვებმა მოამზადეს საზეიმო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ოსურ ცეკვებთან  ერთად შეასრულეს “აჭარული” ცეკვა.

ღონისძიებას  “ვილაპარაკოთ ოსურად”, რომლის ორგანიზატორი სამხრეთ ოსეთის  ადმინისტრაციის განათლების სამსახურია,  ესწრებოდა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. ლიკა გიგაურმა ხაზი გაუსვა საქართველოში ოსური ენის შესწავლის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ოსური ენა ოკუპაციის ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან გვაერთიანებს. გიგაურმა დამსწრე საზოგადოებას ოსური ენის დღე მიულოცა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. დიმიტრი სანაკოევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ოსური ენის შესწავლის შესაძლებლობისათვის.

დამსწრე საზოგადოებას მიმართა პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ნაირა ბეპიევამ.

ღონისძიების მონაწილეებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისგან გადაეცათ საჩუქრები და გიორგი სოსიაშვილის ოსურ ენაზე თარგმნილი მოთხრობების კრებული “მესაფლავენი”. ასევე მათ გადაეცათ წიგნები ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის თანამშრომლებმა, შავშვებში ღონისძიებაზე გამგზავრებამდე, ოსური ლიტერატურული ენის დამფუძნებლის, კოსტა ხეთაგუროვის ძეგლი თბილისში ყვავილებით შეამკეს.

 

 

 

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია