ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისათვის განკუთვნილი პროგრამის პრეზენტაცია გამართა 

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აბიტურიენტების მომზადების პროგრამის პრეზენტაციას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აბიტურიენტების მომზადების პროგრამის პრეზენტაცია  გამართა.

პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების შეთავაზებას გულისხმობს. აბიტურიენტები მომზადებას  თბილისსა და ზუგდიდში გაივლიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციას სტუდენტები ესწრებოდნენ აფხაზეთიდან  და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მისთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებულია, რისთვისაც დიდი ხანი ემზადებოდა.

„ეს ბავშვები ძალიან რთულ ვითარებაში სწავლობენ. ისინი მართლაც გმირები არიან. ამავდროულად ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებენ. გვინდა მომავალში  მეტად შევუწყოთ ხელი, რომ კიდევ უფრო წარმატებულები იყვნენ.

„დღეს მე მათ ვესაუბრე ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე, რომლის იმპლემენტაციის პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს და წლის ბოლომდე საკანონმდებლო, ინფრასტრუქტურული, ფინანსური და საკომუნიკაციო ნაწილი დასრულდება. დღეს  მათთან განსაკუთრებული სიახლით მოვედი, რომელიც მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება. მოგეხსენებათ, მათ სასკოლო განათლების მიღება ძალიან რთულ პირობებში უწევთ. გალსა და ახალგორში ეს პროცესი შეფერხებულია, რადგან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ.

„სწორედ ამიტომ სახელმწიფო მსურველებს სრულიად უფასოდ და უგამოცდო მოსამზადებელ ცენტრს შესთავაზებს, სადაც ისინი სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან  და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან. ეს პროგრამა მოქმედებს არა მხოლოდ ეთნიკური ქართველებისათვის, არამედ ოსებისა და აფხაზებისათვისაც, ვინაიდან კურსები სხვადასხვა ენაზე წარიმართება“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

პროგრამის საპილოტე ვერსია 2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდება, ხოლო ამავე წლის სექტემბრიდან სრული კურსი შევა ძალაში. გარდა იმისა, რომ  ახალგაზრდების განათლება მთლიანად დაფინანსდება,   მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც გათვალისწინებულია.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია