სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ ალბომის „ივანე მაჩაბელი. გზა ევროპისკენ“ პრეზენტაცია გამართა

გორში, სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ალბომის „ვანო მაჩაბელი. გზა ევროპისკენ“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ივ. მაჩაბლის 170 წლის იუბილეს და რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.  

ღონისძიებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ცხინვალის საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა ხაზი გაუსვა ივანე მაჩაბლის ღვაწლს, აღნიშნა მისი პიროვნების როლი საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ ივანე მაჩაბელი. ჩვენ დიდი სიხარულით ჩავერთეთ ამ ალბომის გამოშვების საქმეში. მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით – იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს წეროვანის დევნილთა დასახლებაში ჩვენ გავხსნით მაჩაბლის სახელობის სკვერს და შემდეგ ყოველ წელს აღვნიშნავთ სახალხო ზეიმს – „მაჩაბლობას“, რომელიც, იმედია, კარგ ტრადიციად ჩამოყალიბდება“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

ალბომის შემდგენელის თამარ ხიზანიშვილის თქმით, ივანე მაჩაბელს დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ევროპული გზის აღდგენაში.

„რადგანაც ივანე მაჩაბლის სოფელი (თამარაშენი – რედ.) დღეს აღარ არსებობს და ის იყო გაგრძელება იმ დიდი კულტურული მემკვიდრეობის, რასაც ევროპული ლიტერატურა ჰქვია და რისი ნაწილიც, ანტიკური დროიდან, საქართველო იყო, ივანე მაჩაბელი სწორედაც არის აღმდგენი აი ამ დიდი კავშირების, რასაც ერქვა ჩვენი კავშირები ევროპასთან.

ამიტომ მისი თარგმანები შექსპირის – და ის უნიკალური მთარგმნელია არა მარტო შექსპირის – ის პოლიგლოტი იყო და იცოდა მრავალი ენა, ამიტომ მას ჰქონდა ის შესაძლებლობები, რომ აღედგინა ის უდიდესი გზა, რასაც ჰქვია გზა ევროპისაკენ, რაზეც ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე ოცნებობდნენ და რისთვისაც იღწვოდნენ.

ივანე მაჩაბელი ამავდროულად იყო ქართული ენის საუკეთესო გულშემატკივარი, პროპაგანდისტი და ახალი მთარგმნელობითი ლიტერატურის ფუძემდებელი“, – განაცხადა თამარ ხიზანიშვილმა.

თავის გამოსვლებში ცხინვალის საზოგადოების წევრებმა ბევრი საინტერესო ფაქტი გაიხსენეს ივანე მაჩაბლის ცხოვრებიდან, მის მუზეუმს ქურთის მუნიციპალიტეტში, ასევე ცხინვალის რეგიონში გატარებულ წლებს, ცხოვრებას და ხაზი გაუსვეს ქართველ და ოს ხალხებს შორის ძმობას და ურთიერთსიყვარულს.

ალბომი „ივანე მაჩაბელი. გზა ევროპისკენ“ ბევრი ავთენტური და უნიკალური მასალითაა წარმოდგენილი – წერილები, ფოტოსურათები, მიმოხილულია ივანე მაჩაბლის ცხოვრების ყველაზე საკვანძო ეტაპები – ბიოგრაფიული ცნობები, მისი საზოგადო მოღვაწეობა, მისი მისი ურთიერთობა იმ დიდ ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, რომლებმაც დააფასეს ივანე მაჩაბელი მისი არაორდინალური, ფართო ცოდნით, განათლებითა და პროგრესული აზროვნებით.

ივანე მაჩაბელი სოფელ თამარაშენში 1854 წელს დაიბადა იმ დროისთვის უკვე გაღარიბებულ ძველი ფეოდალის ოჯახში. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო. ის საფუძვლიანად გაეცნო ქართულ ფოლკლორს და შეისწავლა კლასიკური მწერლები.

ალბომში შესულ ერთ-ერთ ფოტოზე ივანე მაჩაბელი თანამოაზრეებთან ერთადაა გადაღებული – დავით გურამიშვილი, დავით სარაჯიშვილი, ოთარ დადეშქელიანი, ილია ბაგრატიონ-გრუზინსკი და სხვა საზოგადო მოღვაწე. ეს ფოტო 1873 წელს სანქტ-პეტერბურგშია გადაღებული, სადაც ის უნივერსიტეტში სწავლობდა (1871-1874 წწ.).

შემდეგ მან სწავლა ჯერ გერმანიაში, ჰოფენჰაიმის აკადემიაში, განაგრძო, სადაც აგრონომიული განათლების მისაღებად ჩავიდა, ხოლო იქიდან საფრანგეთში, პარიზში საფუძვლიანად მევენახეობა შეისწავლა (1874-1877 წწ.). ამიტომ კარგად იცნობდა ევროპას და ევროპულ მენტალიტეტს.

„ყოველი დიდი საქმის წამომწყებთა შორის, ევროპული ფასეულობების დამკვიდრების, ნაციონალური თვისებების გარდაქმნის მოთავე – ივანე გიორგის ძე მაჩაბელი გახლდათ. ილია ჭავჭავაძე ყველა დიდსა და ეროვნულ საქმეში გვერდით იყენებს ახალგაზრდა ვანო მაჩაბელს…“, – წერს ავტორი.

აღიარებულია, რომ ივანე მაჩაბელი პროგრესულად მოაზროვნე პიროვნება იყო, შორსმჭვრეტელი, ევროპულად მოაზროვნე. ის ყველგან და ყველაფერში ევროპული წესის დანერგვას ცდილობდა.

„თუ ჩვენმა ერმა არ შეიგნო ის საგანი, რომ ახალ ვითარებას აყოლა უნდა, შეთვისება უნდა, თუ ჩვენმა ერმა არ მიმართა ახალ წყაროებს წარმოებისას და ქვეყნის სიმდიდრისას, იგი უკან ჩამორჩება საერთო მოძრაობას, საერთო წინმსვლელობას…“, – წერდა ივანე მაჩაბელი.

ევროპული დამოკიდებულება მაჩაბელს განათლებულ ქალბატონებთან მიმართებაში ჰქონდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ქალებს სამშობლოს წინსვლისთვის ბევრ საქმეში დიდი როლის შესრულება შეეძლოთ.

ალბომში ასევე ვკითხულობთ, რაოდენ ემოციური იყო ივანე მაჩაბლისათვის დიდ ქართველთან, დიდ საზოგადო მოღვაწესთან, ილია ჭავჭავაძესთან პირველი შეხვედრა. ასევე, თუ რას წერს მაჩაბელს პირად წერილში აკაკი წერეთელი.

ივანე მაჩაბლის აზრით, სხვა ქვეყნების ლიტერატურისა და ხელოვნების შესწავლა მხოლოდ სასიკეთო გავლენას მოახდენს ეროვნულ თვითცნობიერების გაღვივებისა და განვითარების საქმეში.

1873 წელს ივანე მაჩაბელი შექსპირის თარგმანს შეუდგა.

„დიდი მწერალი (ილია ჭავჭავაძე – რედ.) ეცნობა ვანო მაჩაბლის თარგმანს, შექსპირის „მეფე ლირის“ ნაწყვეტებს… „დიდებულია!“ – იტყვის ილია, გადაწყდა ერთად თარგმნონ „მეფე ლირი“. შექსპირის ლექსს თოთხმეტმარცვლოვანი თეთრი ლექსი მოუხდება – გაბედულად ამბობს ვანო. ილიამ მიიღო მისი მოსაზრება“, – ვკითხულობთ ალბომში.

ივანე მაჩაბელი ფლობდა ევროპულ ენებს და ევროპული ლიტერატურის ჩინებული მცოდნე იყო. მაგრამ ამისდამიუხედავად, ის ყოველთვის ახლოს იყო თავის ხალხთან, ქართულ ადათ-წესებთან და აფასებდა ქართველთა სიბრძნეს…

ღონისძიების ორგანიზატორი – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახური და სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

აღვნიშნავთ, რომ ალბომისთვის მასალები ავტორებს მიაწოდეს: გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ივ. მაჩაბლის მუზეუმმა, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმმა. ალბომში ასევე გამოყენებულია მასალა ვახტანგ ჭელიძის მონოგრაფიიდან „ივანე მაჩაბელი“.

წიგნის პრეზენტაცია ამ წელს ჩატარდება ასევე თბილისსა და წეროვანში.

Comments (0)
Add Comment