აკადემიურმა ანსამბლმა „ნართები“ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში კონცერტებზე ცეკვის პრემიერა გამართა

ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა „ნართები“ სრული ოსურ-ქართული პროგრამით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, ტყვიავსა და მეჯვრისხევში, კონცერტები გამართა, სადაც ახალი ცეკვის, „გოგმანი“-ს, პრემიერა შედგა – წითელ სამოსში გამოწყობილმა გოგონებმა აჭარელი ქალის ხასიათი და სულისკვეთება ლამაზ მოძრაობებში ჩააქსოვეს.

ანსამბლის მოცეკვავეებმა ტრადიციულად ოსური “ხონგა“, „სიმდი“, „ქართული“, „აჭარული“, „აფხაზური“, „დიკლო“, „ყაზბეგური“ და სხვა ცეკვა შეასრულეს, ხოლო ანსამბლის ვაჟთა ვოკალურმა ჯგუფმა ოსური და ქართული სიმღერები – ოსური „დოდოი“, „მრავალჟამიერი“ და სხვა.

ტყვიავში კონცერტი სოფლის საჯარო სკოლის დარბაზში ჩატარდა, ხოლო მეჯვრისხევში – ღია ცის ქვეშ. კონცერტების ორგანიზატორია საქართველოს კულტურის სამინისტრო.

შეგახსენებთ, 2023 წელს ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა “ნართები” კონცერტები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ზერტსა და ზემო ნიქოზში გამართა.

ანსამბლი „ნართები“ 2007 წელს დაარსდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელშეწყობით.

Comments (0)
Add Comment