სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ „თბილისობა-2024“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში აღნიშნა (VIDEO)

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ, სტუმრებთან ერთად, „თბილისობა-2024“ ეთნოგრაფიული მუზეუმის ოსურის სახლის ეზოში აღნიშნა.

დედაქალაქის ყოველწლიურ დღეობაში ადმინისტრაცია მეორედ ჩაერთო და ღონისძიება გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მეორედ ჩაატარა.  

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ოსური სახლი, გაეცნოთ ოსი ხალხის იმჟამინდელი ყოფა. ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლებმა მოსულ საზოგადოებას უამბეს ოსური ტრადიციების შესახებ.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივი ოსური ხალხური სიმღერები იყო, რომელსაც ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ნართები“ ასრულებდა.

ოსურ ეზოში სტუმრებისთვის ოსური კერძები მზადდებოდა – ოსური ხაბიზგინები, ოსური ლუდი და სხვა კერძი, რომლის დაგემოვნება ყველა მოსულ სტუმარს ღონისძიების დროს შეეძლო.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის აპარატის უფროსი შერმადინ შარია, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართელოში იშიძუკა ჰიდეკი, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილი, თიღვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ პეტრიაშვილი, თსუ-ს ქართულ-ოსური ურთიერთობების კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნაირა ბეპიევი და ცხინვალის საზოგადოების წარმომადგენლები.  

ღონისძიების ფარგლებში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა მეგრული ოდის ეზოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან მგალობლიშვილსა და იქ შეკრებილ საზოგადოებას „თბილისობა“ მიულოცა.

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, “აფხაზური ეზო“ მოეწყო.

Comments (0)
Add Comment