სოფელ თელიანის დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცათ

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში არსებულ დევნილთა დასახლებაში 54 ოჯახს ჰუმანიტარული ტვირთი ჩაუტანა. ტანსაცმელი და საკვები პროდუქტი დევნილებს საქართველოს ბაპტისტური ეკლესიათა გაერთიანებამ რელიგიის სააგენტოს თანამონაწილეობით გადასცა.

ჰუმანიტარული ტვირთი – 10 ფუთა ტანსაცმელი და საკვები პროდუქტი – კანადიდან გერმანიის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის განყოფილებამ Friedensbote-მ გამოაგზავნა.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა პარტნიორებს სოციალური პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ რამდენჯერმე გადავეცით ჩვენს დევნილებს რელიგიის სააგენტოს მიერ მოწოდებული დახმარება და, როგორც განაცხადეს, ამ პროექტს მუდიმვი ხასიათი ექნება. ბოლოს ჰუმანიტარული დახმარება ჩვენი დევნილი ოჯახებისთვის ამა წლის იანვრის ბოლოს მოგვაწოდეს. მადლობას ვუხდი და მივესალმები ჩვენს თანამშრომლობას“, – განაცხადა ბესტაევმა.

გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილის თქმით, საქართველოში ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანების დონორი Friedensbote-ს ქრისტიანული მისია „მშვიდობის მაცნეა“.

“Friedensbote რეგულარულად გვაწვდის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჩვენ საჩუქრებს, ეროვნებისა და აღმსარებლობის განურჩევლად, ყველა გაჭირვებულ ოჯახს ვურიგებთ. დახმარება წელიწადში ხუთჯერ ჩამოდის – ძირითადად გერმანიიდან და ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

ამჯერად მოგაწოდეთ სხვადასხვა სახეობის 10 ფუთა, თითო, მინიმუმ 40 კილო იქნება: ტანსაცმელია ბავშვებისთვის, ზამთრის ჩასაცმელი, ეს ტვირთი მოგვაწოდეს ჩვენმა დონორებმა – მისია „ფრიდენსბოტეს“ განყოფილებამ კანადაში. დევნილებს გადავცემთ ასევე ბრიჯის პაკეტებს“, – განაცხადა პაპინაშვილმა.

Comments (0)
Add Comment