თამაზ ბესტაევი ერგნეთში გამართულ სპექტაკლ Hellados-ის მონაწილეებს შეხვდა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი სოფელ ერგნეთში ჩავიდა, სადაც ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრა და ნოდარ დუმბაძის მიხედვით დადგმულ სპექტაკლ „ჰელადოსს“ დაესწრო, რომელშიც მონაწილეობა ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა ბავშვებმა მიიღეს.

29 ივლისს პროექტ „საზღვრებს მიღმა“ ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის HELLADOS-ის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. დამდგმელი რეჟისორი – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენელი თამარ ხიზანიშვილი.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოყვანილ იქნა 60 ემიგრაციაში მყოფი ბავშვი (აშშ, იტალია, საბერძნეთი, ნიდერლანდები და სხვა). სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს ბავშვებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან (ოჩამჩირე, გალი, სოხუმი) და ჰერეთიდან.

თამაზ ბესტაევი სპექტაკლში მონაწილე ბავშვებს შეხვდა.

ამ პროექტის მეშვეობით, დევნილი ხელოვანი ბავშვები უცხოეთში მცხოვრებ თანატოლებს დაუმეგობრდნენ – ისინი დიასპორული თეატრის საერთო სპექტაკლმა დააახლოვა.

“მოხარული ვარ, დღეს ამ ნიჭიერ ბავშვებს რომ შევხვდი. საოცარი პიროვნებები არიან. ახალი თაობა, ოკუპაციისა თუ ემიგრაციის პირობებში, არ უნდა დაშორდეს ერთმანეთს. ასეთ პროექტებს კი დიდი მუხტი შემოაქვს ერთიანობის, არდაშორების, მათი ერთმანეთში ინტეგრაციის საქმეში”, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

პროექტის იდეის ავტორმა, თიკა სვანიძე-ვენკომ განაცხადა:

“მთავარი სიხარული – ჩვენი ემიგრანტი ბავშვების გვერდით არიან მათი თანატოლები აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან და საინგილოდანაც კი. მათ უნდა გაიცნონ და დაუახლოვდნენ ერთმანეთს! პირველ რიგში, ბავშვებმა უნდა გამონახონ საერთო ენა. დიდი ხანია ვამბობ – სახალხო დიპლომატიის გარეშე ვერ დავიბრუნებთ იმას, რაც წაგვართვეს. არაფრით არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენმა მეორე თაობის ემიგრანტებმა კავშირი გაწყვიტონ საქართველოსთან, ჩვენს ენასთან და ამ პროექტის მიზანიც ეს არის!”.

აღვნიშნავთ, რომ პროექტი „საზღვრებს მიღმა“ ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, ქველმოქმედისა და საზოგადო მოღვაწის, ბენელუქსის ქვეყნებში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლის, ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის თიკა სვანიძე-ვენკოს ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და საზღვარგარეთ ემიგრაციაში მცხოვრები ახალგაზრდების, აზერბაიჯანის კახის რაიონიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ახალგაზრდების დაახლოვებასა და მათ შორის ხიდების მშენებლობას.

პროექტი ეძღვნება ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის და ამსტერდამის ჯვართამაღლების ტაძრის დაარსების 10 წლის იუბილეს.

ვიზიტი ოკუპაციის მუზეუმში ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ერგნეთში – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის ერთობლივი პროექტია.

Comments (0)
Add Comment