არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს გმირის არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას. მან ყვავილებით შეამკო მისი საფლავი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და არჩილ ტატუნაშვილის დედას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„ჩვენი გმირების საფლავზე ამოსვლა ყოველთვის ძნელია. ესაა ოკუპაციის მწარე შედეგი – ახალგაზრდა, ჯანით სავსე ბიჭების ცხოვრების მოსპობა საოკუპაციო ძალების მიერ. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი არჩილ ტატუნაშვილს, რომელიც წამებით მოკლეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დღემდე ძნელია ამის გააზრება და ამასთან შეგუება“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან თამაზ ბესტაევთან ერთად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და ახალგორის გამგებელი გელა შერმადინი იმყოფებოდნენ.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, რის შემდეგაც ის ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული რეგიონის ეგრედ წოდებული ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ტატუნაშვილი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია