ოსური ენის დღე სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში აღინიშნა (VIDEO)

საქართველოში ოსური ენის დღე ყოველწლიურად 15 მაისს აღინიშნება. ეს დღე ემთხვევა ოსი პოეტის, კოსტა ხეთაგუროვის ოსური პოეზიის მარგალიტად მიჩნეული ლექსების კრებულის, “ოსური ქნარის” გამოცემის თარიღს – 1899 წლის მაისს. ხეთაგუროვი ითვლება ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებლად.

ოსური ენა ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ შტოს განეკუთვნება, თუმცა მასში გვხვდება კავკასიურ ენათა ელემენტებიც.

ოსური ენის დღე წელსაც შავშვების სკოლაში აღინიშნა, სადაც ოსურ ენას სწავლობენ. აქ 2013 წლიდან ოსური ენის წრე ფუნქციონირებს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის პროექტია. ადმინისტრაციამ სახელმძღვანელოს გამოცემაც დააფინანსა – ოსური ენის გრამატიკის წიგნი, რომლის მიხედვითაც შავშვებში ოსური ენა ისწავლება.

ზეიმზე მოსწავლეებმა ოსური ენის ცოდნის დონე აჩვენეს: მათ ოსურ ენაზე ლექსები წაიკითხეს, შეასრულეს ოსური და ქართული სიმღერები, გოგო-ბიჭემბა კი ქართული და ოსური ცეკვები შეასრულეს.

მონაწილეობა ასევე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებულმა წეროვნის დევნილთა დასახლების ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ახალი თაობა“ (ხელმძღვანელი დავით გაჩეჩილაძე) მიიღო, რომელმაც ოსური მელოდიების პოპური და ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისიდან“ ცეკვა „ქართული“ შეასრულა.

ღონისძიებაზე სიტყვით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი გამოვიდა, მიულოცა დამსწრე საზოგადოებას ოსური ენის დღე და ხაზი გაუსვა მის საქართველოში შენარჩუნების მნიშვნელობას, ქართველებისა და ოსების საუკუნოვან ურთიერთობას და შავშვების სკოლაში ოსური ენის სწავლების საჭიროებას.

“მნიშვნელოვანი დღეა იმ მხრივ, რომ ეს დღე აღინიშნება აქ, დევნილთა შავშვების ჩასახლებაში. ამ ბავშვებს, პირველ რიგში, მინდა ვუთხრა მადლობა, სურვილი რომ აქვთ ისწავლონ ოსური ენა, პატივი სცენ ამ ერს. შეუძლებელია ოსებისა და ქართველების ხელოვნურად გახლეჩა. ოსებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქართული სახელმწიფოს შენებაში, ბევრი სისხლი დაღვარეს საუკუნეების მანძილზე. გილოცავთ ოსური ენის დღეს”, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

თამაზ ბესტაევმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ქართულ-ოსური ურთიერთობების კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნაირა ბეპიევი ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენისა და განვითარების საქმეში შეტანილი ღვაწლისთვის სიგელით დააჯილდოვა.

დამსწრე საზოგადოებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მიმართა. მან ხაზი გაუსვა ოსური ენის შენარჩუნებისა და განვითარების მნიშვნელობას, ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რასაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს ამ კუთხით.

“ეს დღე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოს ორივე რეგიონის დროებითი ოკუპაციის პირობებში, ოსური ენა, ისევე როგორც აფხაზური ენა, არის გაქრობის საფრთხის წინაშე. შესაბამისად, ამ დღის აღნიშვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კიდევ და კიდევ ხელი შევუწყოთ სწავლა-სწავლების პროცესს, რამდენადაც ოსური და საერთოდ მშობლიური ენები, განაპირობებს თითოეული ადამიანის იდენტობას, მისი კულტურის შენარჩუნებას… თუ ჩვენ გვინდა შერიგება – და ჩვენ ნამდვილად გვინდა ეს მთელ საქართველოს – ერთიანი, ძლიერი და გამთლიანებული საქართველო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთო სასაუბრო და შერიგებისთვის ის ინსტრუმენტი, რომელიც არის ენა, ერთ ენაზე საუბარი, – განვითარდეს და შევინარჩუნოთ”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

ოსური ენის დღე მოსწავლეებსა და სტუმრებს ასევე გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა მიულოცეს.

ღონისძიებაზე პროფესორმა ნაირა ბეპიევამ თავისი ნაშრომი „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფია“ საჩუქრად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის თანამშრომელს, ოსური ენის პედაგოგს, ზაირა გაგლოევასა და შავშვების სკოლის დირექტორს უსახსოვრა.

“გარდა ფოლკლორისა, ოსურ ენას აქვს ძალიან დიდი მიღწევები: მან, განსხვავებით თავისი ჯგუფის სხვა ენებისა, შეითვისა კავკასიური სუბსტანტი. <> აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ლექსიკური გარდასვლები, რომელიც ყველა მეზობელ ენაში არსებობს, მასშიც და იქიდანაც ჭარბადაა შემოსული. არ შემიძლია არ ვახსენო დიდი ვასილ აბაევი, რომელმაც თქვა: „არის ხალხი, არის ენა”. მაგრამ ხანდახან არის, რომ სამწუხაროდ, ენა ნელ-ნელა კვდება. ეს, რასაკვირველია, ნიშნავს იმას, რომ ხალხიც აღარ არის. და მოუწოდებს ყველას, რომ თქვენც თქვენი მშობლიური ენა ისწავლეთ.

რა კარგია, რომ ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო, ამ ენას უფრთხილდება. მას სწავლობენ არა მხოლოდ ოსები, არამედ ქართველებიც, და ნებისმიერს შეუძლია ისწავლოს და დაეუფლოს ამ ენას. აქვე მინდა ვთქვა გიორგი ახვლედიანის წვლილზე. მან ძალიან ბევრი იშრობა, მან პირველმა შეადგინა ოსური ენის გრამატიკა – ოსური ენის ფონეტიკა, სახელმძღვანელო. და ამის შემდეგ – მისი პროგრამა ოსური ენისა. დღესაც უმაღლეს სასწავლებლებში – ცხინვალშიც და ვლადიკავკაზშიც, არის მოქმედი ოსური ენის გრამატიკის ორტომეული, რომლის მთავარი რედაქტორი გახლდათ გიორგი ახვლედიანი.

გავიხსენებ დიდ ივანე ჯავახიშვილს, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების წელს პროფესორთა საბჭოზე თქვა, რომ ამ უნივერსიტეტში უნდა ისწავლებოდეს ოსური ენა და მის პედაგოგად დანიშნა სწორედ გიორგი ახვლედიანი”, – განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ქართულ-ოსური ურთიერთობების კვლევითი ცენტრის დირექტორმა ნაირა ბეპიევამ.

ოსური ენის დღის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი რამაზ შიოშვილი, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილი, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი სპარტაკ პეტრიაშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები (EUMM Georgia) და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია