სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია “გორის დღის” სახალხო დღესასწაულს შეუერთდა

გორში ქალაქის სახალხო დღესასწაული „გორის დღე-2024“ აღინიშნა. ღონისძიებაში  ტრადიციულად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ მიიღო მონაწილეობა.

სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ოსური ეზო მოეწყო. ადმინისტრაციის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურების თანამშრომლებმა ოსურ ეზოში წარმოადგინეს ეროვნული სამზარეულოს ტრადიციული კერძები – ჯიგკა, სამი ოსური ხაჭაპური, ოსური ლუდი, რომელიც ოსური ტრადიციული სასმისით, უაცამონგით, დააგემოვნეს სტუმრებმა.

გასტრონომიული მრავალფეროვნება სუფრას ქართულმა კერძებმა (მწვადი, ხაშლამა, ჩურჩხელა) შემატა.

მუსიკალური ატმოსფერო ღონისძიებას ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის „ნართები“ ვაჟთა ვოკალურმა ჯგუფმა შესძინა, რომელმაც ოსურ-ქართული სიმღერები გააჟღერა.

ღონისძიებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი დაესწრო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების – შიდა ქართლის გუბერნიის, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ოსურ ეზოს სტუმრობდნენ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი, ასევე გორის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მმართველი პარტიის მიერ დელეგატათ დასახელებული ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.

ოსურ ეზოს არ მოაკლდა გორელების, გორის სტუმრების და ტურისტების ყურადღება, რომლებიც ყურადღებით ათვალიერებდნენ ოსური ყოფის საგნებსა და ოსი ხალხის ეროვნულ სამოსს.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია