თამაზ ბესტაევმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ენის ერთიანი სტრატეგიის საჯარო განხილვაში

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ გივი ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო ენის ერთიანი სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვაში.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა უწყებათაშორისი საბჭოს წევრებთან, პასუხისმგებელ და პარტნიორ უწყებებთან თანამშრომლობით მოამზადა სახელმწიფო ენის ერთიანი სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომლის საჯარო განხილვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

სამოქმედო გეგმის დოკუმენტი მომზადდა მთავრობის მიერ 2019 წლის 20 დეკემბრის #629 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი პროცედურების, მეთოდოლოგიისა და სტანდარტების“ შესაბამისად, რომელიც ამავდროულად ითვალისწინებს დოკუმენტის საჯარო განხილვას.

პირველი გეგმა 2021-2022 წლებში განხორციელდა.

სახელმწიფო ენის სტრატეგიის მთავარი მიზანია სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რისთვისაც განისაზღვრა შემდეგი ამოცანები შესაბამისი აქტივობებით:

  1. ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა;
  2. სალიტერატურო ქართული ენის ნორმების რეგულარული განახლება და დანერგვა;
  3. ქართულენოვანი ტერმინოლოგიის განვითარება;
  4. ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების ხელშეწყობა ფორმალური და არაფორმალური განათლების ყველა დონეზე;
  5. აფხაზური ენის სწავლების ხელშეწყობა;
  6. ქართველური ენებისა და აფხაზურის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა;
  7. საქართველოს ეთნიკური უმცირესობის ენების სწავლებისა და კვლევის მხარდაჭერა.

2023-2024 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელება, როგორებიცაა: საგამოცდო სისტემის დანერგვა, სახელმწიფო ენის პორტალის შექმნა, ტერმინოლოგიის სტანდარტიზაციისა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება და სხვა.

საჯარო კონსულტაციები დოკუმენტის შესახებ გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატით.

წყარო: https://enadep.gov.ge/index.php?m=43&news=257&lang=

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია