სოფელ შავშვებში ოსური ენის დღე აღნიშნეს

საქართველოში ოსური ენის დღე ყოველწლიურად 15 მაისს აღინიშნება. წელს სადღესასწაულო ღონისძიებები შავშვების სკოლაში გაიმართა. სწორედ აქ შეუძლია ნებისმიერ მსურველს ოსური ენის შესწავლა.

ამ დღეს აგრეთვე იხსენებენ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს კოსტა ხეთაგუროვს, რომელიც ითვლება ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებლად.

კოსტა ხეთაგუროვი

ღონისძიების დაწყებისთანავე საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. ამის შემდეგ კი მოსწავლეებმა ოსური ენის ცოდნის დონე აჩვენეს: ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, მოამზადეს ინსცენირება ოსურ ენაზე. ზეიმზე ქართული და ოსური სიმღერებიც გაჟღერდა.

ოსური დღის აღსანიშნავად ბავშვებმა კედლები პოსტერებით მორთეს. ერთ-ერთს შემდეგი წარწერა ამშვენებდა: „ჩვენი მეგობრობა საუკუნეებს ითვლის…“. ღონისძიების მოწალიეებმა მიმართეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ოს თანატოლებს. გზავნილში ბავშვები მეგობრობის ხელს უწვდიან მათ და ახსენებენ, რომ ოს თანატოლებთან ერთად წარმოადგენენ სწორედ იმ თაობას, რომელმაც უნდა აღადგინოს ხიდი ქართველ და ოს ხალხებს შორის, რათა სიმშვიდეში და სიყვარულში იცხოვრონ ერთიან, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოში: „ჩვენ ყოველთვის გვახსოვს, საიდან მოვდივართ“, – ნათქვამია მიმართვაში.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობების კვლევითი ცენტრის დირექტორი.

პროფესორმა ნაირა ბეპიევამ დამსწრე საზოგადოებას ოსური ენის დღე მიულოცა, ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას და დეტალურად მიმოიხილა ამ კვლევითი ცენტრის მიერ ოსურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული წიგნები, რომლებიც მოგვიანებით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს, ასევე შავშვების სკოლის დირექტორსა და წარჩინებულ მოსწავლეებს უსახსოვრა.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსმა სოსო ცოტნიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველებსა და ოსებს შეუძლია მშვიდობიანი თანაცხოვრება.

სოსო ცოტნიაშვილი

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს – განათლების სამსახურს – და მის მონაწილეებს, რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

შეგახსენებთ, ოსური ენის წრე – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის პროექტია, რომელიც 2013 წელს დაიწყო. ამისთვის გამოიცა სახელმძღვანელო – ოსური ენის გრამატიკა, რომლის მიხედვითაც შავშვებში ისწავლება ოსური ენა.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია