საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდთან დაკავშირებით

0
209

2022  წლის 5 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. რაუნდის ჩატარება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეების, ასევე აშშ-ს აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
 
მოლაპარაკებების ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, რომლებიც შეეხება  რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობას. საქართველოს დელეგაციამ ასევე აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე — ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.  
 
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
 

წყარო: https://mfa.gov.ge/News/sagareo-saqmeta-saministros-ganckhadeba-jenev-(13).aspx?CatID=5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here