„დამოუკიდებლობის“ გაჭიანურებული ილუზია

50 ქვეყანაზე მეტს გააჩნია ტერიტორიული დავა ან ცალმხრივი ტერიტორიული პრეტენზია. საქართველო უკვე მრავალი წელია მშვიდობიანი გზით ცდილობს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას – ამოქმედებულია სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით.  

კრემლი საქართველოსთან ომისთვის გააზრებულად ემზადებოდა. 2002 წლიდან რუსეთი ახორციელებდა აქტიურ პასპორტიზაციას.  2008 წლისთვის რუსეთის მოქალაქის სტატუსი რეგიონის მოსახლეობის უკვე ორ მესამედს გააჩნდა. „მოქალაქეობის შესახებ კანონის“ მე-7 მუხლის თანახმად კი, მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოში დაიწყო „საკუთარი მოქალაქეების“ „დაცვა“. ფაქტობრივად კი, თბილისის დასჯა რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევის გამო.

აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა ცხინვალის რეგიონი სამხედრო ბაზად აქცია. 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა.  საქართველო და მსოფლიო საზოგადოება ახალი რეალობის წინაშე დადგა – ქართული მიწების ოკუპაცია, ტანკები თბილისიდან „ორი წუთის სავალზე“ და საქართველოს ტერიტორიების უწყვეტი ანექსია.

 ნაბიჯი “დამოუკიდებლობისკენ”

ამ აღიარებას ის წარმატება არ მოჰყოლია, რისი მოლოდინიც ცხინვალში ჰქონდათ: ოკუპირებულ რეგიონში ვარაუდობდნენ, რომ  „დამოუკიდებლობას“, რუსეთის გარდა, უმოკლეს დროში კიდევ 10 ქვეყანა აღიარებდა. ვარაუდმა არ გაამართლა – კრემლის ავანტიურა გაიზიარეს მხოლოდ მოსკოვისგან ფინანსური სარგებლით დაინტერესებულმა სირიამ, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ, რომელმაც ამაში 50 მლნ დოლარი აიღო რუსეთისგან „კრედიტის“ სახით. ასევე კვაზიფორმაციებმა – ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებმა, მთიანმა ყარაბაღმა და რამდენიმე ფსევდოსახელმწიფომ.  

მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.  ასე დარჩა ცხინვალის რეგიონი დამპყრობელთან პირისპირ.

რუსეთმა დაიწყო საქართველოს რეგიონის ათვისება და მისი „გადაფორმება“ ქაღალდზე. პირველი „სახელმწიფოთაშორისი“ დოკუმენტი გახდა შეთანხება რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული რეგიონის პარლამენტებს შორის (2.09.2008). ამით მოსკოვმა და ცხინვალმა სცადეს ეჩვენებინათ, რომ მათ შორის ურთიერთობა „სახელმწიფოთაშორისო“ ხასიათს ატარებდა.

მეორე – ე.წ. მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება (17.09.2008). ის, თუ როგორ აპირებს მოსკოვი ცხინვალთან „მეგობრობას“, გაიწერა სულ 31 მუხლში.  ტექსტი, რა თქმა უნდა, მოსკოვში დაიწერა. და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პრეფერენციების გათვალისწინებით, მაგრამ არა ცხინვალის სასარგებლოდ.  შეიძლება კი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიის სამხედრო ბაზად გამოყენება გამოადგეს თვით სამხრეთ ოსეთს? ან რა სიკეთეზეა საუბარი, როცა რუსეთის კანონმდებლობა სიტყვასიტყვით გადმოღებულ იქნა რეგიონის სამოქალაქო, საგადასახადო, სოციალურ სფეროებში? ასეთი იყო ცხინვალის რეგიონის პირველი გადადგმული ნაბიჯები „დამოუკიდებლობისკენ“.

მოგვიანებით გაფორმდა კიდევ ერთი „დოკუმენტი“ – ,,მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება“ (18.03.2015), სადაც რუსეთი, მომღიმარე სახით,  „მჭიდრო თანამშრომლობის“ სახელით, სამხრეთ ოსეთს აქცევს თავის კიდევ ერთ ფილიალად კავკასიაში. „შეთანხმების“ მეტასტაზები შეეხო კარდინალურ მიმართულებებს – თავდაცვასა და უსაფრთხოებას, „შინაგან საქმეთა სამინისტროს“, საგადასახადო და საბაჟო სისტემებს. ერთი სიტყვით, ცხინვალი დათანხმდა კრემლის სრულ კონტროლს. ამიერიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს მოსკოვი წყვეტს. უფრო მეტიც, ერთიანი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის წყალობით რუს “მეგობრებსაც” კი აქვთ ყველა “ოპერატიულად მნიშვნელოვან” ინფორმაციაზე წვდომა. რუსეთმა, კეთილმოსურნის მანტიის ქვეშ,   ფაქტობრივად, გააფართოვა თავისი გავლენის საზღვრები, ცხინვალი კი დაემორჩილა ამას.

რუსეთის საბაჟო კანონმდებლობა სამხრეთ ოსეთის „საბაჟოზეც“ ვრცელდება. მოსკოვში იციან რა ან ვინ გადის ე.წ. „საზღვარზე“.  ადგილზე მუშაობს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური – რუსი მესაზღვრეები. რეგიონში რუსული „სპეციალიზებული“ საბაჟო პუნქტია გაიხსნილი. ერთი სიტყვით, რუსეთმა შეაღწია ოკუპირებული რეგიონის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ყველა სფეროში. გამონაკლისი არც მეცნიერება, განათლება, სპორტი და სოციალური სფეროებია.

ცხინვალი „ჯარის“ გაუქმებასაც უსიტყვოდ დათანხმდა. მოსკოვმა, შეთანხმების თანახმად, ოსი სამხედროები რუსული მე-4 სამხედრო ბაზის საკონტრაქტო ჯარისკაცებად აქცია. რუსეთის არმიაში სამხრეთ ოსეთის ცალკეული „სამხედრო ფორმირებები“ შევიდა.  ახლა ოსი კონტრაქტორები სამხედრო „ვალდებულებას“ რუსეთის წინაშე იხდიან. სად და ვისთან უნდა იბრძოლონ – წყდება არა “დამოუკიდებელ” სამხრეთ ოსეთში, არამედ კრემლში.

ასე აღმოჩნდნენ ოსი სამხედროები უკრაინაში. ეს არის სკანდალური ამბავი რუსული არმიის “წყალობაზე”, რომელმაც  სასაკლაოზე გააგზავნა ოსები – ტექნიკისა და იარაღის გარეშე, რაზეც ისინი დაბრუნებისას ხმამაღლა ალაპარაკდნენ. რატომ ელოდნენ ოსი ჯარისკაცები, რომ მოსკოვი მათ უკეთესად მოექცეოდა, გაუგებარია. რუსეთის შორეული სოფლების, ე.წ. „გლუბინკების“, ბიჭების უმეტესობასაც კი ასევე მოექცნენ. ოს სამხედროებს, ალბათ, სურდათ ენახათ დასავლური  შეიარაღება, როგორიც არის ,,გეპარდი”, HIMARS, „Mars-2“, “ჯაველინი” და შესაშური “ბაირაქტარი”.  მაგრამ მათ დახვდათ ნახევრად მოშლილი ჟანგიანი ტანკები და საბჭოთა სამხედრო წარმოების სხვა გადმონაშთი.

“დამოუკიდებლობა” მოქმედებაში

  „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებაში“ არის ფრაზა: „ორმხრივი ინტერესების გათვალისწინება“.  წარმოვიდგინოთ, რომ ცხინვალი უცებ იცვლის „პოლიტიკურ“ ვექტორს და ნელ-ნელა იწყებს თბილისისკენ შემობრუნებას, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იზიარებს დასავლურ ღირებულებებს – ერთი სიტყვით, აღარ სურს იმის მოსმენა, რასაც „ლაპარაკობს და უჩვენებს მოსკოვი“. ეს არის უტოპია. არ არსებობს „ურთიერთ ინტერესი“ – არსებობს მხოლოდ კრემლის მიზნები.

ამის გათვალისწინებით, სამხრეთ ოსეთი აგრძელებს ამ დამარცხებულ რბოლას: ცხინვალი ატარებს ფსევდოარჩევნებს, ხელს აწერს რაღაც შეთანხმებებს, რომლებიც ზრდის რუსეთის გავლენას და ოკუპირებული რეგიონი კიდევ უფრო მეტად ექცევა კრემლის „სპონსორების“ ხაფანგში.

 „სპონსორები“ კი შესაბამისად იქცევიან. ისინი ერევიან თითქოს და აღიარებული „სახელმწიფოს“ საშინაო საქმეებში: საჭიროების შემთხვევაში, არ ერიდებიან სისხლიან სცენარსაც კი – როგორც ეს 2011 წელს მოხდა, როდესაც პედაგოგი, ქალბატონი ალა ჯიოევა – არა უშიშროების თანამშრომელი და არა პოლიტიკოსი – თითქმის ,,პრეზიდენდი“ გახდა.  შეიჭრნენ მის შტაბში, სცემეს, თითქმის სიკვდილამდე მიიყვანეს, ხალხი დააშინეს, მოგვიანებით კი საკუთარი სცენარი განახორციელეს – დააყენეს რა „საკუთარი“ ადამიანი.

მაგრამ იყო კი შესაძლებელი საქმე სხვაგვარად ყოფილიყო?  შეეძლო კი პუტინს მედვედევის სახით (იმ პერიოდში რუსეთის ნომინალური პრეზიდენტის) დაეშვა „ოპოზიციის“ გამარჯვება, თუნდაც მის დაქვემდებარებაში მყოფ რეგიონში? იმ პუტინს, რომელმაც მოგვიანებით, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად „გაანულა“ პრეზიდენტის პოსტზე მისი ყოფნის ვადები? ამიტომ „დამოუკიდებელ“ რეგიონს გაჩუმება მოუწია და ასევე ,,დამოუკიდებლად“ მოუწია გადაეყლაპა ეს სირცხვილი.

სწორედ ამ ოქროს დუმილში იხდის კრემლი მილიარდებს. მხოლოდ ე.წ. საინვესტიციო პროგრამის კუთხით 2008 წლიდან 2017 წლამდე მას მოუწია გადაეხადა 71 მილიარდ რუბლზე მეტი. კრემლი განაგრძობს „მომგებიან“ ინვესტირებას მომდევნო წლებშიც:

  • 2011-2014 – 11 მილიარდი რუბლი;
  • 2015-2017 – 9,1 მილიარდი რუბლი;
  • 2018-2019 – 4,5 მილიარდი რუბლი;
  • 2020-2022 – 4,5 მილიარდი რუბლი.

საერთო ჯამში, იმ დროისთვის სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ მოსკოვს 80 მილიარდი რუბლი დაუჯდა. და ეს მხოლოდ „საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში.

ხოლო „სოციალურ-ეკონომიკური“ განვითარებისთვის, რომელიც ითვალისწინებს პენსიების, ხელფასების, სოციალური შეღავათების გადახდას, ასევე განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის მიმართულებით ხარჯებს, ბოლო სამ წელიწადში გამოიყო:

2020 წელი – 4 მლრდ 722 მილიონი 549.4 ათასი რუბლი;

2021 წელი – 4 მლრდ 972 მილიონი 715 ათასი 600 რუბლი;

2022 წელი – 5 მლრდ 940 მილიონი 354.40 ათასი რუბლი.

ცხინვალის „დამოუკიდებლობა“ ძვირი უჯდება ასევე რუსეთის ფედერაციის  სუბიექტებს. მაგალითად, „გაზპრომიდან“ რეგიონმა ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენის მშენებლობისთვის 10 მილიარდი რუბლი მიიღო; მოსკოვის მერიამ მიკრორაიონ „მასკოვსკი“-ს მშენებლობისთვის 2,5 მილიარდი რუბლი გამოყო; სანქტ-პეტერბურგის მერიამ ცხინვალის ცენტრალური საავადმყოფო გაარემონტა, რაც 70 მილიონი რუბლი დაუჯდა. არანაირი ეკონომიკური ეფექტი – მხოლოდ საფასური მორჩილებისთვის.

ცხინვალში იციან, რომ მოსკოვი ყველაფერს აფინანსებს – დაწყებული ხელფასებით, პენსიებით, სოციალური გადასახადებით, დამთავრებული სპეციალური პროექტებით. მათ კარგად ესმით, რომ რუსული დოტაციების გარეშე საკუთარი თანხებით ყველაფერს ვერ გაწვდებიან.

და მაინც, რითი ივსება დღეს ამ „დამოუკიდებლობის“ ბიუჯეტი?  14 წლის განმავლობაში ცხინვალის რეგიონის ე.წ. ფინანსური დოკუმენტის უზარმაზარი წილი იყო და რჩება რუსული ფული. 2022 წელს ბიუჯეტი 8,7 მილიარდ რუბლს შეადგენს. აქედან რუსული – 7,2 მილიარდი რუბლი (სოციალური შეღავათები და საინვესტიციო პროგრამა).  დანარჩენი კი – 1,5 მილიარდი რუბლია.

საიდან მოდის ეს 1,5 მილიარდი? როგორც ცხინვალში აცხადებენ, ეს „საკუთარი“ შემოსავლებია. ძირითადად, საშემოსავლო გადასახადიდან. მაგრამ აქაც  უმსხვილესი გადამხდელები, ცხინვალის ვერსიით, რუსეთის გიგანტების შვილობილი კომპანიებია: ,,გაზპრომ ტრანაგაზ სტავროპოლი“- ცხინვალის საექსპლუატაციო პუნქტი“, „საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკი“, ,,მეგაფონის“ მიერ კონტროლირებადი მობილური ოპერატორი „ოსტელეკომი“, ,,ენერგორესურსი-სამხრეთ ოსეთი“. ერთი სიტყვით, ასე გამოიყურება ოკუპირებული რეგიონის ფინანსური „დამოუკიდებლობა“.

სამხრეთ ოსეთი ასევე დამოკიდებულია რუსეთთან საგარეო ვაჭრობაზე. დავუშვათ, მოსკოვი მოულოდნელად წყვეტს იმპორტს კონტროლირებად რეგიონიდან. ამ შემთხვევაში ცხინვალს არ რჩება არჩევანის გაკეთების საშუალება: რუსეთი ერთადერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, მთავარი იმპორტიორი, მთავარი მომმარაგებელი. 

2021 წელს ცხინვალსა და მოსკოვს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 130 მილიონ 247 ათასი რუბლი შეადგინა.  სამხრეთ ოსეთიდან რუსეთში 22 მილიონ 783 ათასი რუბლის ღირებულების პროდუქცია გავიდა, ხოლო რუსეთიდან რეგიონში – 107 მილიონ 464 ათასი რუბლის ოდენობით შემოვიდა.

რუსული ექსპორტის მაჩვენებლის მიხედვითაც კი ირკვევა, რომ რუსეთს შეაქვს ცხინვალის რეგიონში ყველაზე მეტი სასურსათო პროდუქცია. ასევე, ნავთობი, გაზი, ქვანახშირი, მარმარილო, მარილი, სასოფლო-სამეურნეო ნედლეული (მარცვლეული, მზესუმზირა, სელი, ბამბა), აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა.

რა გააქვს ექსპორტზე ცხინვალს?  ეს არის მცირე რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული, ფეხსაცმელი, მინერალური წყალი, ლითონის ნივთები.

ხილიდან – ვაშლი, რა თქმა უნდა.  რეგიონში ოპერირებს რუსული კომპანია ,,სამხრეთის ბაღი“, რომელმაც 2021 წელს 1000 ტონა ვაშლი გაიტანა რუსეთის ქალაქებში. შედარებისთვის,  2008 წლამდე ცხინვალის რეგიონს შეეძლო 14 000 ტონამდე ვაშლის ექსპორტზე გატანა. მაგრამ შემდეგ მოხდა „განვითარება“: ეთნიკურად ქართველების ვაშლის ბაღები გაჩეხეს, მიწასთან გაასწორეს (ვაშლმა რა დააშავა?).

ამ დრომდე აღნიშნული მიწები არ გაშენებულა. კომპანია „სამხრეთის ბაღ“-ს კი ათვისებული აქვს არაუმეტეს 50 ჰა. სამწუხაროა, რადგან, გორის რაიონის მხოლოდ ერთ სოფელში მხოლოდ ერთ ფერმერს ვაშლის ბაღებისთვის 31 ჰექტარი აქვს გამოყოფილი.

„დამოუკიდებლობის“ კიდევ ერთი ფაქტი: 2022 წლის აპრილში რუსული ფულით ახალგორში მდებარე ლუდსახარშ ,,ალუთონ“-ს რებრენდინგი ჩაუტარდა, რის შედეგადაც დღეს ეწოდება ,,მაღალმთიანი კელის ლუდსახარში“. პროდუქცია ექსპორტზე ჯერ არ გადის – ლუდი შიდა მოხმარებისთვის ისხმევა. რეგიონში ასევე ფუნქციონირებს სამკერვალო ფაბრიკა. მაგრამ დიდი საწარმოები არ არსებობს. კრედიტით იხსნება მხოლოდ მცირე და საშუალო საწარმოები, რომელსაც რუსული ,,სბერბანკი“ გამოყოფს. ეს პატარა კომპანიები  „სახელმწიფო შეკვეთებზე“ იქნებიან დამოკიდებულნი. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მცირე საწარმოები და ფერმები შეიტანენ დიდ ფინანსურ წვლილს სამხრეთ ოსეთის „ბიუჯეტში“, უბრალოდ გულუპრყვილობაა.

სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ კიდევ ერთი ფაქტით ქარწყლდება. 2009 წლიდან ოკუპირებულ რეგიონს მთლიანად რუსული გაზი მიეწოდება „ძუარიკაუ-ცხინვალის“ მილსადენით. 2020 წელს მიწოდებულ იქნა 40 მილიონი კუბური მეტრი აირი, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში – 24 მილიონი კუბური მეტრი.  ჯერჯერობით ეს მილის სიმძლავრიდან მხოლოდ 15-20%-ია. მაგრამ აქაც მხოლოდ ცხინვალის მოსახლეობას გაუმართლა. კვაისის, ჯავისა და ზნაურის რაიონის სოფლების მაცხოვრებლებს კი დღესაც უწევს ,,მამაპაპური“ მეთოდით, ანუ შეშით, გათბობა.

ცხინვალი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება: მიიჩნევს რა თავს „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“, ამავე დროს, 2025 წლისთვის რუსული გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდას გეგმავს, რაც მას რუსეთზე უფრო დამოკიდებულს გახდის. ამ კონტექსტში დივერსიფიკაციაზე საუბარი აზრს მოკლებულია, რადგან ცივილიზებული სამყარო სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობას“ არ ცნობს.

ცხინვალს არ გააჩნია  გენერირების საკუთარი სიმძლავრეები – მოსახლეობას მიეწოდება რუსული ელექტროენერგია: ,,ენერგორესურსი-სამხრეთ ოსეთი“ დაკავშირებულია რუსეთის ენერგოსისტემასთან ,,ჩრდილოეთ კავკასია“ ორი ელექტროგადამცემი ხაზით (110 კვტ), რომელთაგან ერთი ექსპლუატაციაში 2021 წელს შევიდა. ასევე, წლების განმავლობაში ცხინვალი გეგმავს სიმძლავრის გაზრდას, რაც მას რუსეთის ფედერაციაზე უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის.

 გააჩნია თუ არა ცხინვალს თავისი რესურსები, რათა თავად უზრუნველყოს რეგიონის გაზმომარაგება? რა თქმა უნდა, შესაძლოა, იყოს ნავთობისა და გაზის გარკვეული გამოვლინებები (ამას შესწავლა სჭირდება), მაგრამ თბილისსაც კი, რომელსაც საწვავის საკუთარი მოცულობები აქვს, ბუნებრივი აირის ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანიდან შემოაქვს.

შეუძლია კი ცხინვალს საკუთარი ენერგეტიკული სიმძლავრეები მაინც განავითაროს? შეუძლია. მაგრამ ვერ შეძლებს: ელექტროენერგია რუსეთისთვის ცხინვალის შეკავების ერთ-ერთი ბერკეტია: ის არ შეასუსტებს საკუთარ პოზიციებს.

ცხოვრების ნორმალურ პირობებში შესაძლებელი იქნებოდა 1-3 და 10-15 მეგავატიანი მცირე ჰიდროელექტროსადგურების აშენება და ცხინვალი მოამარაგებდა ელექტროენერგიით თავის დასახლებებულ პუნქტებსა და საწარმოებს.

ასევე შესაძლებელი იქნებოდა ტყვია-თუთიის მადნის ექსპორტი, რომელიც, ცხინვალის მონაცემებით, კვაისას რაიონში 8 მილიონ ტონამდეა. ოკუპირებული ტერიტორიის წიაღში ინახება მაღალი ხარისხის ბარიტი, სპილენძი, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ნეფრიტი. 

 მაგრამ როდის იყო, რომ ბადეში გახვეული თევზი საკუთარ ბედს წყვეტდა?..

სამკურნალოდ და სასწავლებლად – რუსეთში

          რუსეთის ფინანსური ჰაერით იკვებება ასევე სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის სექტორიც. მიუხედავად ამისა, პრობლემები მაინც არ გვარდება. მოძველებული სამედიცინო აღჭურვილობა ფუჭდება, ახლის შესყიდვა კი ან დროში იწელება, ან ეს მეორადი მოხმარების მოწყობილობებია. მაგალითად, შედარებით ცოტა ხნის წინ შეძენილი  ფლუოროგრაფიის აპარატი, რომელიც ხელს უწყობს ტუბერკულოზისა და ონკოლოგიური პათოლოგიების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას, ხშირად გამოდის მწყობრიდან. ეს ყოველივე აჭიანურებს სამედიცინო კვლევების დროულად და სწორად ჩატარებას. ეს კი კიდევ ერთი გზაა რუსეთისკენ:  პაციენტი იძულებული ხდება კვალიფიციური დახმარებისთვის ჩავიდეს რუსეთში და მიმართოს რუს სპეციალისტებს.  

განათლების სფეროც მთლიანად რუსულ ლიანდაგებზე დგას. რომელ „დამოუკიდებლობაზე“ შეიძლება საუბარი, როცა სწავლება არა ოსურად, არამედ რუსულად მიმდინარეობს. არადა „ინტეგრაციის ხელშეკრულებაში“ მოსკოვი ოსური ენის განვითარების პირობას დებს. მაგრამ ვის ადარდებს ეს?

რომელ მშობლიური ენის განვითარებაზე შეიძლება საუბარი, როცა 2011 წლიდან რუსული ენა სამხრეთ ოსეთში ,,სახელმწიფო“ ენის სტატუსით დამკვიდრდა. ცხინვალში ირწმუნებიან, რომ გამართულ ფსევდორეფერენდუმში ოსური ენის ფაქტობრივ დაკნინებას 83,4%-მა მისცა ხმა. აქვე დავსძენთ, რომ ეს „რეფერენდუმი“ არ გამოხატავს ცხინვალის რეგიონის მთლიანი მოსახლეობის აზრს – მისი უმეტესი ნაწილი იძულებულ იქნა მიეტოვებინა სახლები, რათა თავი გენოციდისთვის დაეღწია.  სსრკ-ს დაშლამდე აქ 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. დღეს, ცხინვალის მონაცემებით, სამხრეთ ოსეთის „მოქალაქედ“ ითვლება 40 000 მაცხოვრებელი. სწორედ რომ მოსახლეობის დანარჩენ, 60%-ს, იძულებით მოუწია თავის ქყევანაშივე დევნილად გადაქცევა – ჯერ 90-იანი წლების კონფლიქტის დროს, შემდგომ კი აგვისტოს ომის შედეგად.

ამიტომ, ოსური ენის მეორე ადგილზე გადაწევის გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა და მხოლოდ მოსკოვისთვისაა მომგებიანი.

„დამოუკიდებელ“ სამხრეთ ოსეთში ვერც ქართული ენის დაცვა შეძლეს. და არავის უკითხავს ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც ძირითადად ახალგორის რაიონში ცხოვრობენ, სურდათ თუ არა მათ მშობლიურ ენაზე უარის თქმა და რუსულ ენაზე განათლების მიღება.

    მოსკოვი აგრძელებს ოსი აბიტურიენტებისთვის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უნივერსიტეტების ფაკულტეტებზე სპეციალური სტუდენტური კვოტების გამოყოფას. ინიშნება სტიპენდიაც. ეს ყოველივე კი კადრების გარანტირებული გადინებაა – იმ ახალგაზრდების, რომლებიც ვერ ხედავენ თავის განვითარებას ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოში“.

როგორია ხვალინდელი დღე?

 ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, არის სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ კონტრაფაქტი. ყოველგვარი დაცინვის გარეშე.

რამდენი ველორბოლაც არ უნდა მიუძღვნან ცხინვალში “დამოუკიდებლობის დღეს”, რეალობა ასეთია: ბიუჯეტით დაწყებული ცხოვრების უმცირესი სფეროებით დამთავრებული, ცხინვალი მოსკოვის ანკესზეა წამოგებული.

საკმარისია წარმოვიდგინოთ, თუ რამდენად მიჯაჭვულია სამხრეთ ოსეთი რუსეთზე, რამდენი ბერკეტი აქვს დღეს კრემლს ცხინვალის შეკავებისთვის, რომ გავიაზროთ იმ ჩიხის მასშტაბები, რომელშიც დღეს იმყოფებიან ოკუპაციაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები. მოსკოვმა კი ყველაფერი ისე მოაწყო, რომ დღეს ოსებისთვის ის წარმოადგენს ვექტორსაც, ფაქტორსაც, მიზეზსა და შედეგს.

სწორედ ამიტომაა ოკუპირებული რეგიონი განწირული იცხოვროს მოსკოვის გეგმის მიხედვით. ვინ მისცემს დღეს ცხინვალს საშუალებას განავითაროს რეგიონში მდიდარი ბუნებრივი და კლიმატური პირობები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა ან მეცხოველეობა? ვინ მისცემს რეგიონს გახდეს კონკურენტუნარიანი?

სამხრეთ ოსეთი ჯიუტად განაგრძობს საუბარს რუსეთთან ხვალინდელი დღის მშენებლობის შესალებლობებზე. მაგრამ როგორია ეს „ხვალინდელი დღე“ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც, ფაქტობრივად, ტანკის ლულის ქვეშ იმყოფებიან?

ოცნებები ცხინვალის განვითარებაზე ,,სტრატეგია 2030“-ის 161 გვერდზეა აღწერილი. აი, რა სურთ ოსებს: ტურისტული პოტენციალის განვითარება, რეგიონული გზების, სახლების, აეროპორტის აშენება, რეკრეაციული ზონების მოწყობა, სოფლის მეურნეობის განვითარება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჯანდაცვის სფეროში და მკურნალობის ახალი მეთოდები. …თავის მოტყუებაში გადაზრდილი გულუბრყვილობაა ეს. სურთ კი კრემლში ოსების ოცნენების ახდენა? „რა თქმა უნდა!“.

ცხადია, სამხრეთ ოსეთში რუსული ფულის შემოდინების მიზანს არ წარმოადგენს რეგიონის განვითარება. კრემლს არ ხელეწიფება ცხინვალის რეგიონის კეთილდღეობა, ისევე როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, რომელიც მისი „დამოუკიდებლობის“ 14 წელიწადში კი უნდა ქცეულიყო ტურისტულ მექად წამყვანი მსოფლიო ბრენდების ფეშენებელური სასტუმროებით. სამხრეთ ოსეთი კი სათხილამურო ტურიზმის ერთ-ერთი მიმზიდველ მიმართულებად.

მაგრამ ასეთ ქველმოქმედებას მოსკოვი არ ეწევა თავის ტერიტორიებზეც კი – რუსეთის იმ შორეულ სოფლებში, სადაც დღესაც უგზოობის პრობლემაა და გამოუვალი მდგომარეობის, უმუშევრობის გამო ახალგაზრდები „სხვა“ რუსეთს მოსკოვში, პეტერბურგში და დანარჩენ ქალაქებში ეძებენ.  

კრემლი მხოლოდ სამხედრო-სტრატეგიულ პროექტებზეა ორიენტირებული. სწორედ ასე აღიქვამს ის ცხინვალის რეგიონს, რომელიც მისთვის სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ სამხედრო ფორპოსტს წარმოადგენს. ოკუპირებული რეგიონების კეთილდღეობა არ შედის რუსეთის ინტერესებში: ის აშენებს ბანქოს სახლს, რომელიც დაიშლება  ჩრდილოეთის ქარის პირველივე ამოვარდნისას.

მაგრამ სიტუაციის ირონია, მისი ტრაგიკომიკურობა მდგომარეობს იმაში, რომ შეუძლებელია ცხინვალში ეს არ ესმოდეთ. სამხრეთ ოსეთს, თავის საზიანოდ, არათუ არ სურს ამ მოჯადოებული წრიდან გასვლა, არამედ მზადაა ეს „დამოუკიდებლობა“ რუსეთთან შეერთებაზე გაცვალოს.

ცხინვალი ფსონს დებს რუსეთზე – ქვეყანაზე, რომელიც ბოლო მოვლენების გათვალისწინებით იზოლაციისა და რეგრესისკენ მიექანება. ამით დღეს ცხინვალი უარს ამბობს ცივილიზებულ სამყაროსთან შერწყმაზე. და, ფაქტობრივად, რჩება „დამოუკიდებელ“ დამოკიდებულებაში. და ეს ოქსიმორონი წლების განმავლობაში არაერთ მტკიცებულებას ისხამს. სამწუხაროდ.

          ამ უპერპექტივობიდან ცხივალისთვის ბუნებრივ გამოსავალს წარმოადგენს თბილისი. არაერთხელ გაჟღერდა განცხადებები ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების სურვილზე და კონფლიქტის მშვიდობიანი, არაძალისმიერი გზით მოგვარების თაობაზე. ასევე არაერთხელ გაკეთდა განცხადებები ერთობლივი განვითარების შესახებ.  ცხინვალში კი თბილისის მოსმენა არ სურთ. უფრო ნაკლებად კი – მისი სიტყვის დაჯერება.    

სამაგიეროდ მათ სჯერათ მოსკოვის, რომელიც ფეხქვეშ თელავს ოსი ხალხის იდენტობას: თანდათან ასუსტებს ოსური ენის როლს და რბილი ძალის გამოყენებით ამკვიდრებს ოკუპირებულ რეგიონში რუსულ სამყაროს („რუსკი მირ“).

ამასობაში თბილისმა შეცდომებზე იმუშავა და უშედეგოდ აწვდის ოს ძმებს მეგობრობისა და დახმარების ხელს. ამის წინაღობა მხოლოდ რუსეთი და მისი გეოსტრატეგიული მიზნებია.

ამიტომ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეს „დამოუკიდებლობა“ და „აღიარება“ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დროში გაჭიანურებულ ილუზიას, რომელიც ერთ სამწუხარო ისტორიას გვიამბობს: ქართველების და ოსების დაშორების კიდევ ერთ წრეზე, იმ სიცარიელეზე, რომელმაც კიდევ ერთი თაობა ჩაიყოლა, და ეს დასადგურებული სიჩუმე მით უფრო ხმამაღლა ჟღერს დღეს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლის თავზე.

ყველაზე რთული მისაღები კი ის არის, რომ მთელი ეს წლები, ფაქტობრივად, დაახლოვებისა და განვითარების ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებია.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია