თრუსოს ხეობის ბანაკში ათდღიანი აქტიური დასვენება

თრუსოს ხეობის ისტორია, მხატვრული კითხვის საღამო, არტ-აქტივობები, ინტელექტუალური თამაშები და კოცონთან  საინტერესო საუბრები მოწვეულ სტუმრებთან ერთად – ეს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც 10 დღის განმავლობაში ელოდება ახალგაზრდებს საგანმანათლებლო, შემეცნებით, მართლმადიდებლურ დასასვენებელ ბანაკში „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.

5 აგვისტოს ცხინვალის რეგიონიდან 25 დევნილი ბავშვი (მე-11 და მე-12 კლასების წარჩინებული მოსწავლეები) თრუსოს ხეობაში დასასვენებლად გაემგზავრა.  15 აგვისტოს ჩათვლით მათ საინტერესო აქტივობებით დატვირთული პროგრამა ელით: ფრენბურთი, ფეხბურთი, მკლავჭიდი, ასევე ჭადრაკი, ლოტო და უძველესი ქართული თამაშები.  ბავშვები მხიარულ სტარტებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

პროგრამის ბენეფიციარებს ასწავლიან პიკნიკისთვის კერძების მომზადებას. ისინი გაემგზავრებიან ექსკურსიაზე გერგეთში, დარიალის ხეობასა და სნოში, შემდეგ კი კოცონთან გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ შთაბეჭდილებებს ყაზბეგზე.

ორგანიზატორებმა ბავშვებისთვის შრომის საათი და დიზაინის საღამო დაგეგმეს.  გარდა ამისა, ისინი შეხვდებიან მოძღვარს და დაუსვამენ   კითხვებს.

ბანაკში ყოფნისას ახალგაზრდებს მოუყვებიან თუ როგორ ააღორძინონ სოფელი.

ათი დღის განმავლობაში ბანაკში ბავშვებთან ერთად იქნებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები, ჯგუფის ლიდერები და ექიმები.

 გასვლითი ღონისძიების ორგანიზატორები არიან ა(ა)იპ საგანმანათლებლო, შემეცნებითი, მართლმადიდებლური, დასასვენებელი ბანაკი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია