საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიუ-იორკში ორმხრივი შეხვედრები გამართა

0
67

2022 წლის 1-5 აგვისტოს, ნიუ-იორკში მიმდინარე ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მე-10 გადახედვის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ  ორმხრივი შეხვედრები გამართა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ასევე, უკრაინის,  რუმინეთის, შვედეთის, ფილიპინების, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან და ჩილეს, ეკვადორის და სენტ-ლუშას მუდმივ წარმომადგენლებთან.

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, მიროსლავ იენჩასთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროსთან საქართველოს თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა გენერალური მდივნის თანაშემწეს საქართველოში გაეროს სააგენტოების აქტიური მუშაობისა და მთელი რიგი პრიორიტეტული მიმართულებებით ჩართულობის გამო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მიკოლა ტოჩიტსკისთან (Mykola Tochytskyi) შეხვედრაზე ლაშა დარსალიამ მტკიცე სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიის ფონზე. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების თემატიკას, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და მრავალმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების, მათ შორის  ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების მნიშვნელობას.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იულიან ფოტასთან (Iulian Fota) შეხვედრისას, ლაშა დარსალიამ მადლიერება გამოხატა რუმინეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერის გამო; აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე საერთო ინტერესების მატარებელ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან მაგნუს ნილსონთან (Magnus Nilsson) გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ხაზი გაუსვეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებისა და განმტკიცების მნიშვნელობას. ლაშა დარსალიამ შვედ კოლეგას მადლობა გადაუხადა შვედეთის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და რეფორმების დღის წესრიგის მტკიცე მხარდაჭერის გამო.

ლაშა დარსალიასა და ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კარლოს სორეტას (Carlos Sorreta) შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მზარდ თანამშრომლობაზე. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული მჭიდრო თანამშრობლობა, რაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივებისა და კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერაში გამოიხატება.

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დინარა კემელოვასთან  შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების საკითხები და თანამშრომლობის ინიციატივები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

გაეროსთან ჩილეს, ეკვადორის და სენტ-ლუშას მუდმივ წარმომადგენლებთან ლაშა დარსალიას შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში. მხარეები შეთანხმდნენ სხვადასხვა ფორმატებში საერთო ინტერესის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ვიზიტის დასასრულს, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო გაეროსთან უნგრეთის მისიის მიერ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მე-10 გადახედვის კონფერენციის პრეზიდენტის, გუსტავო ზლაუვინენის პატივსაცემად გამართულ მიღებაში.

წყარო: https://mfa.gov.ge/News/sagareo-saqmeta-ministris-pirvelma-moadgilem-n-(1).aspx?CatID=5&fbclid=IwAR1sjXtCf6rTQRZDxnXyiaUoNgPj14H1ScgFxqFbIQatQjl0ERR7DXb0uQ4

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here