საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ნატო-ს მადრიდის სამიტთან დაკავშირებით

0
140

საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ნატო-ს მადრიდის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც პრაქტიკულ ასევე პოლიტიკურ განზომილებაში.

არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება, გადამწყვეტია რეგიონალური უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. საქართველო მიესალმება მადრიდის სამიტზე მოკავშირეების მიერ „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტის“, დამტკიცებას. დოკუმენტი შეიცავს საქართველო თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარების და ამ პროცესში ნატო-ს კიდევ უფრო ქმედითი ჩართულობის კონკრეტულ ღონისძიებებს. ზემოაღნიშნული ახალი ინსტრუმენტი, ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან ერთად, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის ნატო-ს სტანდარტებთან დასაახლოვებლად და  თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

საქართველო მიესალმება სამიტის მიერ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცებას. ახალ კონცეფციაში ჯეროვნად არის ასახული შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემო და წარმოქმნილ საფრთხეებისადმი ალიანსის გრძელვადიანი პასუხი.

მისასალმებელია, რომ ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში შესაბამისად აისახა ღია კარის პოლიტიკის აქტუალურობა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად. ასევე ფუნდამენტური პრინციპი, რომ ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება თავად აირჩიოს საგარეო-პოლიტიკური კურსი და ამ პროცესში ნებისმიერი გარე ჩარევის მცდელობა მიუღებელია.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მადრიდის სამიტზე მიღებულ არაერთ დოკუმენტში.

საქართველო მიესალმება, მადრიდის სამიტზე წევრი ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

მივესალმებით ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით მადრიდის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ვულოცავთ ფინეთს და შვედეთს ალიანსში მიწვევას. მათი გაწევრიანებით კიდევ უფრო გაიზრდება უსაფრთხოების არეალი ევროპაში და გაძლიერდება ალიანსი. საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის ეს პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანია ვინაიდან ეს წარმოადგენს ღია კარის პოლიტიკის რეალურ განხორციელებას. ასევე, მივესალმებით ალიანსის გადაწყვეტილებას გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.

საქართველო განსაკუთრებით აფასებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ დაფიქსირებულ მტკიცე მხარდაჭერის გზავნილებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებები კი  ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების განმტკიცებას და  კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს მის საბოლოო მიზანთან – ნატო-ში წევრობასთან.

წყარო: https://mfa.gov.ge/News/saqartvelos-sagareo-saqmeta-saministros-ganck-(77).aspx?CatID=5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here