პრემიერ-მინისტრის შეფასება

„მოგესალმებით, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. მინდა შევაფასო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული. როგორც თავად ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს და პარტნიორებმა, ჩვენმა მეგობრებმა, გუშინ იყო მართლაც ისტორიული დღე. საქართველომ, ჩვენმა ქვეყანამ, მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ და ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპული პერსპექტივა მიენიჭა საქართველოს, ჩვენს ქვეყანას დამსახურებულად. რა თქმა უნდა, თქვენ ნახეთ, რომ ჩაიწერა პირდაპირ, ღიად, საჯაროდ, რომ რეალურად ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების, მათი ერთგულების, ჩვენი შეუპოვრობის, პრინციპულობის, ბრძოლის და ჩვენი მთავრობის 10-წლიანი მუშაობის შედეგის აღიარებაც. ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, რეალურად, ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში და პირდაპირ იქნა ჩაწერილი, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს ნამდვილად არის დამსახურებული მონაპოვარი და მე ვულოცავ ქართველ ხალხს.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩვენ გუშინ ასევე მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების შეფასებები, მათი დაპირება, მათი განაცხადი, რომ, როგორც კი ჩვენ შევასრულებთ მათ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს, მაშინვე მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს ჩვენ გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის პირობა, ყველა ის პრიორიტეტი, რომლებიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირის მიერ. ჩვენ ამისთვის ვართ მზად. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობა არის მობილიზებული, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირის მიერ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ასევე მინდა მივულოცო კიდევ ერთხელ უკრაინას და მოლდოვას. მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსიც, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. მე ვულოცავ მათ ამ აღიარებას. მინდა ვუსურვო უკრაინას და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა. უკრაინა, მოგეხსენებათ, რომ არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ასე რომ, ჩვენ არ გვშურს მათი წახალისების, პირიქით, მინდა, რომ კიდევ ერთხელ მივულოცო და ვუსურვო წარმატება.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ საერთოდ ჩვენი ამოცანა ახლა უნდა იყოს მაქსიმალურად მშვიდად, სტაბილურად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და ყველა დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე დროში მიღწევა. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, ჩვენი მმართველი გუნდი არის ამისთვის მზად. მოგეხსენებათ კარგად, რომ ჩამოთვლილ პირობებში არის ერთი, ასე ვთქვათ, პირდაპირი მითითება, მუხლი, დავარქვათ ამას, პირობა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახერხოთ პოლარიზების დასრულება. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი გუნდის სახელით განვაცხადო სრული მზაობა იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, ჩვენ კარი არასოდეს დაგვიხურავს. მინდა ხაზგასმით და ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, ყოველთვის გვქონდა და გვექნება მუდამ, რომ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ვიმუშაოთ ერთად, გვქონდეს რეალური დებატები, დისკუსია, მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს ნორმალურ, მშვიდ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ ვითარებაში. ეს არის ჩვენი სურვილი. იმედი მაქვს, რომ ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაითვალისწინებენ, გაიზიარებენ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი პირველი მუხლი, პირველი პირობა, რაც ეხება პოლარიზების დასრულებას, მათი ვალდებულებაც არის, მათი პასუხისმგებლობაც არის და ამას მარტო მმართველი გუნდი, მმართველი პარტია და მთავრობა ვერ განახორციელებს, თუ მათი მხრიდანაც არ იქნება გადადგმული რეალური, ქმედითი ნაბიჯები. მე მინდა, კიდევ ერთხელ ოპტიმისტურად განვაცხადო, რომ მე მჯერა, ისინი დააყენებენ საკუთარ ამბიციებს, საკუთარ სურვილებსა და პირად მიზნებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი არის ჯერ ჩვენი სახელმწიფო, ქვეყნის მომავალი და შემდეგ ჩვენი, მათ შორის, თუნდაც, პარტიული და პირადი ინტერესები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მინდა, ჩვენს ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ჩვენი ევროპული მომავალი, საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია