ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი იმართება

0
58

ჟენევაში, გაერო-ს ოფისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი იმართება.​

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა აცხადებს, რომ ჟენევაში გუშინ შეხვედრები გაიმართა თანათავმჯდომარეებთან ეუთო-დან, გაერო-დან, ევროკავშირიდან და აშშ-ს მონაწილეებთან.

„გავიარეთ შეხვედრის დღის წესრიგი და დიდი ყურადღება გამახვილდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის განახლებაზე, რომელიც რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლების დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების გამო შეჩერებულია. იმედი გვაქვს, რომ მონაწილეები გამოიჩენენ გონივრულობას და დაუბრუნდებიან ფორმატს, რომელიც აქამდე პოლიტიზების გარეშე სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობდა. რაც ახლა ხდება, ეს არის სამუშაო ფორმატის ხელოვნურად პოლიტიზება, რაც საფრთხეს უქმნის არა მარტო ამ მექანიზმებს, არამედ მთლიანად ჟენევის მოლაპარაკებებს. ეს არ არის ცალკე მდგომი მექანიზმები. ეს ყველაფერი არის ჟენევის მოლაპარაკებების არქიტექტურის ნაწილი. სრული გაგებაა თანათავმჯდომარეების მხრიდან. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მექანიზმები აღდგეს. დროის გაწელვა გაართულებს საქმეს“, – განაცხადა დავით დონდუამ.

მოლაპარაკებების დაწყებიდან ათი წელი სრულდება – ჟენევაში პირველი შეხვედრა 2008 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა.

დავით დონდუას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებები არის საკმაოდ უნიკალური და კარგი ფორმატი.

„ისე არ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ჟენევა მარტო წელიწადში ოთხჯერ შეხვედრაა. ეს არის საკმაოდ დიდი მექანიზმი, რომელიც მოიცავს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ყოველთვიურ შეხვედრებს, ტექნიკურ შეხვედრებს, „ცხელ ხაზს“, რომელიც 24 საათი მოქმედებს, თანათავმჯდომარეების ვიზიტებს საქართველოში, კონფლიქტურ მხარეებს ანუ საქართველოსა და რუსეთს შორის მედიაციას მთელი წლის განმავლობაში“, – აცხადებს დავით დონდუა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ჟენევის ფორმატის დამსახურებაა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად ესკალაციას, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here