ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი დაიწყება

0
93

ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 44–ე რაუნდი დაიწყება. განხილვის მთავარი თემებია საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უკანანო ხელყოფის ფაქტები, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ცეცხლის შეწყევტის შეთანხმების სრული დაცვით და მოლაპარაკებები ძალის გამოუყენებლობაზე, რომელიც ბოლო რაუნდზე რუსეთის დესტრუქციული პოზიციის გამო ჩიხში შევიდა.

მხარეები ისაუბრებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობაზე, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე და დამნაშავეთა დასჯაზე. ქართული მხარე კვლავაც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, არ შეუქმნას დაბრკოლება გამოძიებას, რათა დამნაშავეები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

მოლაპარაკებების დროს დეტალურად იქნება განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი ვითარება.

დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ასევე ესწრებიან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 44–ე რაუნდი 20 ივნისს დასრულდება.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here