დავით დონდუა – ჟენევის მოლაპარაკებების დროს რუსულ მხარესთან არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხზე ვისაუბრებთ

0
92

ჟენევაში ვისაუბრებთ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხზე, რომელიც ისევ ღიად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ განაცხადა. მისი თქმით, ეს საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის და დამნაშავეები ისევ არ დასჯილან.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ აქ და ყველა ფორმატში, რომ ვინც დასასჯელია, დაისაჯოს, დამნაშავეები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ერთი რამ უკვე ცხადია, მომხდარზე პოლიტიკური ვალდებულება ეკისრება ძალას, რომელიც ეფექტიან კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ძალა არის რუსეთის ფედერაცია. წინა რაუნდზეც გვქონდა ამ თემაზე ცხარე საუბარი. სამწუხაროდ, დიდი პროგრესი ამ მიმართულებით არ არის. დამნაშავეები ისევ დაუსჯელები არიან და ამჯერადაც ამაზე გვექნება საუბარი“, – განაცხადა დონდუამ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უკვე გაიმართა შეხვედრები მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან, რომელთაც პოზიციები გააცნეს.

„მათგან გვაქვს სრული მხარდაჭერა. თანათავმჯდომარეები სრულად იზიარებენ ჩვენს პრიორიტეტებს. ისინიც გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ამ მიმართულებით ხელშესახები პროგრესი იყოს. რუსულ მხარესთან ხვალ გვექნება საუბარი არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის შესახებ. ყველა ფარგლებს სცდება არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავება, მისი ტყვეობაში ყოფნა, წამება, სიკვდილი, ერთი თვე გვამის არ გადმოცემა და ერთი თვის შემდეგ გვამის ამ სახით გადმოცემა.

წინა შეხვედრაზე რუსეთს არაფერი ჰქონდა სათქმელი და სულ ოსებისკენ იყურებოდნენ. რუსული დელეგაცია ისე იქცეოდა, რომ ამ საქმესთან არაფერი ესაქმებოდათ და თუ რამე მოხდა, მაშინ ცხინვალის ე.წ. მთავრობამ უნდა ისაუბროს. რუსეთი ვერ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა დავით დონდუამ.

ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 44–ე რაუნდი დაიწყება. განხილვის მთავარი თემებია საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უკანანო ხელყოფის ფაქტები, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ცეცხლის შეწყევტის შეთანხმების სრული დაცვით და მოლაპარაკებები ძალის გამოუყენებლობაზე, რომელიც ბოლო რაუნდზე რუსეთის დესტრუქციული პოზიციის გამო ჩიხში შევიდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here