ქეთევან ციხელაშვილის გამოსვლა რონდელის ცენტრში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო  ურთიერთობების კვლევის ფონდში რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „უკრაინისა და საქართველოს დეოკუპაცია: სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა დეა სამოქალაქო ინსტიტუტების როლი“  სიტყვით გამოვიდა.

ღონისძიების მიზანი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეული ტერიტორიებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ დისკუსიის გამართვა იყო საქართველოს ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს შორის.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთს გადაუჭრელი კონფლიქტები აქვს და ეს რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა. ის პრობლემა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების განგრძობით ოკუპაციას უკავშირდება, ასევე არის არა მხოლოდ ერთი ქვეყნისა და ერთი საზოგადოების, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოების პრობლემა. იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრად მშვიდობასა და სტაბილურობას მივაღწიოთ, აუცილებელია, ძალისხმევა ამ კონფლიქტების გადაჭრისაკენ მივმართოთ. დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრე.

„ასევე გავამახვილე ყურადღება ჩვენს სამშვიდობო სტრატეგიაზე, სამშვიდობო პოლიტიკაზე, მის მთავარ ამოცანებსა და იმ გზებზე, რომლითაც ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტისაკენ წასვლას ვცდილობთ. ბუნებრივია, ვისაუბრე ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკაზე, რაც უშუალოდ ჩემი აპარატის კომპეტენციაში შედის და რაც მიმართულია იქითკენ, რომ დღეს ხელოვნური ბარიკადებით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობა აღვადგინოთ. განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც პირველ რიგში იმ მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული, რომელიც გადაუჭრელი კონფლიქტის სიმძიმეს ყოველდღიურად განიცდის და გადავლახოთ დაშორიშორების ხაზები, რომელიც დღევანდელ ვითარებაში, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად ღრმავდება“,-განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა.

დისკუსიის მონაწილეებმა ოკუპირებულ რეგიონებში ამჟამად არსებული პოლიტიკური და სოციალური ვითარება მიმოიხილეს და გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოსა და სხვა რეგიონული თუ საერთაშორისო ორგანიზაციების  მიერ არჩეული ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მშვიდობიანი  გზების შესახებ იმსჯელეს.

ღონისძიება რონდელის ფონდის პრეზიდენტმა, ეკატერინე მეტრეველმა გახსნა. მომხსენებლებს შორის იყვნენ საქართველოში უკრაინის ელჩი იჰორ დოლჰოვი, ყირიმის თათართა მეჯლისის თავმჯდომარე რაფატ ჩუბაროვი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი და რონდელის ფონდის მკვლევარი შოთა უტიაშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია