ხუთშაბათი, მაისი 24, 2018

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ
„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 13 აპრილის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შეიქმნას დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,
2007 წლის 8 მაისი.
№4735–Iს

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №296 2007 წლის 10 მაისი ქ. თბილისი

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ

„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილების შესაბამისად:

  1. შეიქმნას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია.
  2. დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია (შემდეგში – ადმინისტრაცია) საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ ბრძანებულების შესაბამისად.
  3. ადმინისტრაციის ფუნქციებია:

ა) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრისა და ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭების მიზნით, ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სახელით მოლაპარაკების წარმოება საქართველოს ხელისუფლებასთან;

ბ) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მიზნით შესაბამისი პირობების მომზადება;

გ) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი ინტერესების დაცვა;

დ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა, დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ე) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; ქართული და ოსური ენების, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, სპეციალური ქართულ და ოსურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება; ოსურ ენაზე ნორმატიული აქტების, სხვა ოფიციალური დოკუმენტებისა და ინფორმაციის თარგმნის, გამოცემისა და გავრცელების უზრუნველყოფა, აგრეთვე ოსურენოვანი საინფორმაციო საშუალებების განვითარების ხელშეწყობა; კონსულტაციების წარმოება გარდამავალ პერიოდში დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელწოდების განსაზღვრის მიზნით;

ვ) სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, ეკონომიკური განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებში მინისტრის მოადგილის კანდიდატურების კანონმდებლობით დადგენილი წესით დასანიშნად წარდგენა, რომელთა მონაწილეობითა და მათთან შეთანხმებით განხორციელდება დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

  1. ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
  2. ადმინისტრაციის სტრუქტურა და ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ადმინისტრაციის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ადმინისტრაციის სახელწოდებასა და ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ დასახელებებს განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
  3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ენიჭება დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილება.
  4. „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილებების განსახორციელებლად ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოსცემს სამართლებრივ აქტებს.

მ. სააკაშვილი